2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, საქართველო და ჩინეთი „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ეტაპზე გადადიან.
ჩინეთის საელჩომ საქართველოში ახალი შეთანხმების შესახებ 9 ივნისს გააკეთა განცხადება და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გაცვლილი წერილები გამოაქვეყნა.
მართალია ოფიციალურმა წყაროებმა შეთანხმების შესახებ განცხადებები გაავრცელეს, ხელმოწერის ცერემონიის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, 2023 წლის სტრატეგიული პარტნიორობისგან განსხვავებით, რომელიც სი ძინპინისა და ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი განცხადებით და ცერემონიით აღინიშნა.
ჩინეთის საელჩოს მიერ ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ წერილში სი ძინპინმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის, ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ მეგობრობაში ახალ თავს დაწერს, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას ძლიერ იმპულსს შესძენს და ჩვენი ქვეყნების ხალხებს მეტ სარგებელს მოუტანს“.
სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 34 წლის განმავლობაში ჩინეთი და საქართველო მუდმივად იცავდნენ „ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს“, ხელს უწყობდნენ ორმხრივი ურთიერთობების „ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას“ და „ნაყოფიერ შედეგებს“ აღწევდნენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, „პოლიტიკური ურთიერთნდობა კიდევ უფრო გამყარდა, პრაგმატული თანამშრომლობა გაძლიერდა და მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი გახდა“.
„სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ვითარების ცვლილების მიუხედავად, ჩინეთი ორი ქვეყნის ურთიერთობებს ყოველთვის სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან უყურებდა“, – განაცხადა საელჩომ.
თავის მხრივ, ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმება „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის მეტ შესაძლებლობას შექმნის, ორივე ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს და ორ ხალხს შორის მეგობრობას კიდევ უფრო გააძლიერებს“.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმავე დღის ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „დღეს“ ხელი მოეწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მან „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.
„ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის, ორმხრივად, იცით, რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი შეთანხმება „კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით“.
This post is also available in:

7 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·