საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი — დიდი თუ პატარა — უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს — სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, პატრიარქის თანახმად, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი.
„ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად იქცა, დამღუპველი ცოდვებია. ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერც ერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ილია მეორე სასულიერო პირებს და მრევლს მოუწოდებს, საქართველოს კეთილდღეობისთვის ერთად ილოცონ.
„საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას“, — ნათქვამია ილია მეორეს განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.