საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ორი ქულით დაეცა და ქვეყანამ „თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიიდან „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში გადაინაცვლა. ამის მიზეზად ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ აქტივისტების წინააღმდეგ „გაფართოებული რეპრესიები“ და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ონლაინ ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლების წინააღმდეგ „შურისძიება“ დაასახელა.
„საქართველოს სტატუსი თავისუფალიდან ნაწილობრივ თავისუფალზე შეიცვალა, რადგან ხელისუფლება აგრძელებს „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად აღქმული ონლაინ აქტივიზმისა და გამოსვლების ჩახშობას“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს და საქართველოს საერთო ქულას 68/100-ზე აფასებს. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 70/100 შეადგინა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინტერნეტის გავრცელების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ხელისუფლებამ გააგრძელა იმ ონლაინ და ოფლაინ აქტივიზმის ჩახშობა, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება, რაც მოყვა „ქართული ოცნების“ (GD) გადაწყვეტილებას, არ დაიწყოს ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს შესახებ. „ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ონლაინ ჟურნალისტები და სოციალური მედიის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ხდებოდნენ ანგარიშსწორების მსხვერპლნი ჯარიმების, რეიდების, დაბარებისა და გამოძიების მეშვეობით“.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების დონე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაუარესდა და 2022 წელს არსებული 78/100-დან 2026 წლისთვის 68/100-მდე შემცირდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები