საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ აკმაყოფილებს — კალასი

2 hours ago 2

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი გამოეხმაურა თბილისში 2 თებერვლის აქციაზე მოქალაქეების ძალადობრივ დაკავებას.

„ამაღამ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია. საქართველო არანაირ მოლოდინს კანდიდატი ქვეყნისგან არ აკმაყოფილებს. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, — დაწერა X-ზე კაია კალასმა.

მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ძალადობრივ რეპრესიები დაგმო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბადრისმაც.

მისი თქმით, ლიეტუვა დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.

„ამაზრზენია ის, რაც ხდება საქართველოს ქუჩებში. რეჟიმის ავაზაკები ძალადობრივად სცემენ მომიტინგეებს. საქართველო ამ მთავრობით ვერასდროს შევა ნატოსა და ევროკავშირში“, — განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა.

2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ პოლიციამ ძალადობრივად დააკავა აქციის მონაწილეები. დაკავებების მეორე სერია დაიწყო სანაპიროზე, როდესაც მომიტინგეები „თბილისი მოლიდან“ რუსთაველისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ. პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ, თუმცა თვითმხილველების ცნობით, დააკავეს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ერთი არასრულწლოვანი, რომელიც შემდეგ გაათავისუფლეს. დაკავებულთა ნაწილი ნაცემია და გადაყვანილია საავადმყოფოში, ზოგიერთი ხელწერილი საფუძველზე გაუშვეს. გაათავისუფლეს „თბილისი მოლთან“ დაკავებული ნიკა მელიაც, რომელმაც თქვა, რომ ისანი სამგორის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქურმა მას, განყოფილებაში ბორკილებდადებულს, წიხლი ჩაარტყა.

ვიდეოკადრებში ჩანს, დაკავებულს პირადად სცემს და აქციის მონაწილეებს აგინებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება). ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, „ხარებას“ მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება.

სახალხო დამცველის შეფასებით, საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები შემაშფოთებელია.

„ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ. სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოუწოდებს, პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.

სრულად წაკითხვა