საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას, აცხადებს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.
ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, გააუქმოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან — აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, 21 ივლისს გახდა ცნობილი. სოხუმსა და ცხინვალში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ნაურუზე დასავლეთის ზეწოლის შედეგია.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნაურუს გადაწყვეტილება „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი“.
5 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და „თითოეულ დიპლომატს, რომელიც მუშაობს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისათვის“.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. თითქმის 18 წლის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვს მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.
კობახიძის შეფასებითვე, „საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის“. კერძოდ, მან ისაუბრა შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ყაზახეთთან და უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე.

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·