საქართველომ და ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს მას შემდეგ, რაც თითქმის ორი თვის წინ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა.
საქართველოს მთავრობის მიერ 21 სექტემბერს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შეთანხმებას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაუროს პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
ნაურუმ ივლისის ბოლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება გააუქმა და „დაუყოვნებლივ“ შეწყვიტა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები. ამ ნაბიჯის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მზადყოფნა გამოთქვა.
პრესრელიზის თანახმად, კობახიძემ „ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია“.
მხარეებმა ასევე განიხილეს „მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა“, ასევე „ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები“.
შეხვედრას „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
ნაურუს ამ ნაბიჯის შემდეგ, მხოლოდ ოთხი ქვეყანა აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას: რუსეთი, სირია, ვენესუელა და ნიკარაგუა. ვანუატუმ და ტუვალუმ ადრე აღიარეს ისინი, თუმცა მოგვიანებით, შესაბამისად 2013 და 2014 წლებში, ეს აღიარება გააუქმეს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები