საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თბილისში სამმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

4 days ago 2

საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 17 აპრილს თბილისში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და მისი კოლეგები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ელნურ მამადოვი და ვაჰან კოსტანიანი. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

„„ის, რაც გვაერთიანებს და რამაც დღეს ამ მაგიდის გარშემო შეგვკრიბა, არის საქართველოს გულწრფელი სურვილი ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა თავის შესავალ სიტყვაში. „სამხრეთ კავკასია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია – უზარმაზარი პოტენციალით, რომლის რეალიზებაც ერთობლივად შეგვიძლია. რეგიონის შესახებ ჩვენი ხედვების გაზიარება და სამმხრივი თანამშრომლობის  შესაძლებლობების შესწავლა ძალიან დროულია და, ამავე დროს, უკიდურესად აუცილებელიც“.

„შეხვედრის ძირითადი მიზანია სამი ქვეყნის საერთო ინტერესების და მოსაზრებების გაზიარება იმ მიმართულებების შესახებ, რაც  ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, პრაქტიკული, სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას,  რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარებისათვის“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების პრესრელიზში. „საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად“.

ამავე პრესრელიზის თანახმად, სამმხრივ შეხვედრას წინ უძღოდა მაკა ბოჭორიშვილის კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, რა დროსაც მოხდა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა  სამინისტროებს შორის  სამმხრივი შეხვედრის  ინიცირება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა