საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტრადიციულ და პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირი ყოველწლიურად, იანვარში ტარდება და მასში უმეტესად ევროპის A დივიზიონის წამყვანი ნაკრებები მონაწილეობენ. ტურნირის ორგანიზება 2001 წლიდან დაიწყო და წლეულს მისი 24-ე გათამაშებაა. ტურნირში მასპინძელ თურქეთთან და საქართველოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სერბეთისა და რუმინეთის ნაკრებები.
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ნაკრები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ერთადერთია, რომელიც A დივიზიონში ასპარეზობს. ქართველებმა ელიტ-დივიზიონის საგზური შარშანწინ მოიპოვეს, ხოლო გასულ ზაფხულს, საბერძნეთში გამართულ ჩემპიონატზე უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნეს. იმ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკა ცინცაძემ, ისევე როგორც მოთამაშეთა ბირთვმა, 18-წლამდელთა ნაკრებში აინაცვლეს, 16-წლამდელებს კი ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ.
თურქული ტურნირი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამოცდა იქნება ნიკა ბურჯანაძისთვის, რომელიც ამავე გუნდში აქამდე ცინცაძის ასისტენტი იყო. ბურჯანაძე საკალათბურთო კლუბ “ვინგსის” დამაარსებელი და მთავარი მწვრთნელია, რომელსაც საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე, საკლუბო დონეზე დიდი გამოცდილება გააჩნია. 16-წლამდელთა ბურჯანაძის ასისტენტები იქნებიან “აკადემიის” მწვრთნელი, გიორგი გოგალაძე და ფოთის საკალათბურთო სკოლის ხელმძღვანელი, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბექა ბექაია.
საქართველოს ნაკრები მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოში გაიმართება. ჩატარების ადგილი და მეტოქეები სავარაუდოდ იანვრის ბოლოს, წილისყრის შემდეგ გაირკვევა. თურქეთის საერთაშორისო ტურნირი პირველი სერიოზული გამოცდა იქნება ჩვენი გუნდისთვის ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში.
საქართველოს ნაკრები თურქული ტურნირის ფარგლებში 3 მატჩს გამართავს:
24 იანვარი სერბეთი – საქართველო 18:00
25 იანვარი საქართველო – თურქეთი 20:00
26 იანვარი რუმინეთი – საქართველო 16:00
ყველა მატჩის პირდაპირი ლაივ-ტრანსლაცია იწარმოებს თურქეთის კალათბურთის ფედერაციის Youtube-გვერდზე.