საქართველოს ავსტრიაში, ბელარუსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაეროს ოფისში ჟენევაში და უზბეკეთში ახალი ელჩები ჰყავს

1 week ago 3

საქართველოს ავსტრიაში, ბელარუსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში, და უზბეკეთში ახალი ელჩები ჰყავს. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ეუთოსა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, მაისურაძე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობს. სხვადასხვა დროს, იგი გახლდათ ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ასევე  ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი გიორგი საგანელიძე დაინიშნა.  იგი საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობებზე 1998 წლიდან მუშაობს. ბოლოს, გიორგი საგანელიძე სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა. მას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. იგი იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი,  სხვადასხვა დროს ასევე მსახურობდა საუდის არაბეთის სამეფოში, ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად.

ქ. ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზ ლომინაძე დაინიშნა. რევაზ ლომინაძე მანამდე კვიპროსის რესპუბლიკაში, ასევე შვეიცარიის კონფედერაციაში  საქართველოს ელჩი იყო.

უზბეკეთში საქართველოს ელჩის პოსტზე დავით კოტარია დაინიშნა. ამ ბოლო დანიშვნამდე კოტარია 2012-2017 წლებში ბელარუსში საქართველოს ელჩად მსახურობდა. 2018 წლიდან იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა