საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არასტაბილურობის გამო შეშფოთებულია

2 weeks ago 11

28 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეშფოთება გამოხატა „ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების“ გამო, რამაც  შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას „სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს”. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განცხადება იმ ფონზე გაავრცელა, როდესაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება.

ასოციაციის თქმით, ის შეწუხებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო, ვინაიდან ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შესაძლოა ნეგატიურად აისახოს „ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე“. ასოციაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ბუნებრივი და გასაგებია, რომ ჩვენ, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, არ და ვერ შევალთ ზემოაღნიშნული კანონპროექტის შინაარსობრივ განხილვაში“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ეფექტურ კომუნიკაციას, რომელიც ბიზნესს აქვს  ხელისუფლებასთან“. ასოციაციამ ხაზი გაუსვა ერთგულებას გამჭვირვალობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ და განაცხადა, რომ „ამ მიზნებისკენ სვლა კი უნდა მოვახდინოთ ისე, რომ არ შევარყიოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძვლები“.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა