ეროვნული ნაკრების ფეისბუქის გვერდზე ინფორმაცია ვრცელდება ნაკრების ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე, კერძოდ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ვილი სანიოლმა და მის ნაცვლად ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს:
“საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.
სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.
მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
paraleli პოლიტიკა