საქართველოს „კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“ – ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

4 hours ago 4

გაფართოების შესახებ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში, ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს „კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“ და რომ ქვეყანამ „სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა“ განიცადა, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს შორის „უპრეცედენტო“ შემზღუდავი კანონების გამო.

„ევროპული საბჭოს 2024 წლის დეკემბრის დასკვნების შემდეგ და საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“, – ნათქვამია კომისიის პრესრელიზში. „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ“.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში, 60-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, კომისიამ განაცხადა, რომ სიტუაცია „მნიშვნელოვნად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ 2024 წლის დეკემბერში სინანული გამოთქვა თბილისის მიერ გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომელთა სამიზნეებიც აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია საშუალებები არიან, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“, – ნათქვამია კომისიის დოკუმენტში.

„საქართველომ სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა განიცადა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და ფუნდამენტურ უფლებებს, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას, და რომლის სამიზნეებიც ლგბტქ პირები არიან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება სრულიად დაუსჯელად და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს“, – ხაზგასმულია ანგარიშში.

ანგარიში ასევე აკრიტიკებს საქართველოს კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტების „პარტიული მიზნებისთვის“ გამოყენებისთვის.  

„ხელისუფლებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ვითარების შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად“, – ხაზგასმულია ანგარიშში, რომლის თანახმადაც ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, „დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას“ წარმოადგენს.

რაც შეეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობას, კომისია აცხადებს, რომ საქართველოს შესაბამისობა „დაბალი რჩება“.

ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია არჩევნები, დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები მაღალი პოლარიზაციით გამოირჩეოდა, სადაც ადგილი ჰქონდა „ამომრჩეველთა დაშინებით, იძულებას და ზეწოლას“, რაც ძირს უთხრის თავისუფალ არჩევანს. ანგარიში კიდევ ერთხელ იმეორებს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კომისია დასძენს, რომ სამართლებრივმა ცვლილებებმა  „მნიშვნელოვნად შეარყია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მთლიანობა“, რაც ამძაფრებს „სასამართლო ხელისუფლების მიტაცების“ რისკებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა