საქართველოს მომავალი საფრთხეშია - სენატორებმა შაჰინმა და რიშმა სენატში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვეს

1 week ago 5

12 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატში გამართულ სხდომაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. ამერიკელ სენატორებს მიმართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის კანონმდებლებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

რიში აიდაჰოს შტატის რესპუბლიკელი სენატორია, შაჰინი კი - ნიუ-ჰემფშირის დემოკრატი სენატორი. ის უმთავრესი ავტორი და წარმდგენია საქართველოს თაობაზე შექმნილი კანონპროექტის, რომელიც მაისში "ქართველი ხალხის აქტის" სახელით დარეგისტრირდა.

“აქ ვარ, რათა ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც თანდათან უარესდება და მძლავრად მოვუწოდო შეერთებული შტატების მთავრობას, სასწრაფო საპასუხო ზომები მიიღოს”, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. მან ისაუბრა საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობის გრძელ ისტორიაზე, რომელიც სათავეს დიდი ხნის წინ იღებს, გაიხსენა 2012 წლის არჩევნები, როცა ის სენატორ რიშთან ერთად საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებოდა. შემდეგ სენატორმა შაჰინმა ისაუბრა წელს ჩატარებულ არჩევნებზე, რომლის დროსაც მრავალი დარღვევა აღირიცხა და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - იმ პროევროპულ აქციებზე, რომლებიც საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღის წესრიგში 2028 წლამდე აღარ დაეყენებინა.

“მშვიდობიანი პროტესტის გაკონტროლების მცდელობის მიზნით, მთავრობამ საპასუხოდ სასტიკი ძალა გამოიყენა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა, მედიისა და აქციების ორგანიზატორთა სამიზნეში ამოღება. მათ არამარტო ძალა გამოიყენეს ხალხის დასაშლელად, არამედ ადამიანებს დევნიდნენ საკუთარ სახლებშიც, ცემდნენ და აკავებდნენ. ეს არ არის დემოკრატია“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ დაფუძნებაზე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა და რომელიც „ბოლო თვეებში თანდათან უფრო მეტად იყენებს კრემლის მსგავს სცენარს“. სენატორმა შაჰინმა ამის მაგალითად მოიყვანა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცება, „რომლის მიზანიც სამოქალაქო აქტივისტების ბოროტ, საშიშ, გარე აგენტებად წარმოდგენაა“.

„ძალზე იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი აზრით, ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს, არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე და არ გვაქვს სათანადო რეაგირება. ჩვენ ვერ შევძელით არსებითად გაგვეცა პასუხი, რათა ხელი შეგვეშალა „ქართული ოცნების“ ლიდერთა გათვლებისთვის. მათ არ უწევთ საფასურის გადახდა მაშინ, როცა უგულვებელყოფენ ხალხის ნებას და მიჰყვებიან პუტინის ავტორიტარულ სცენარს. არსებობს კარგად დოკუმენტირებული ადამიანის უფლებათა დარღვევები, მაგრამ ხაზინის დეპარტამენტმა ვერ შეძლო სანქციების დაწესება ერთი ოფიციალური პირისთვისაც კი, მისი ქმედებებისთვის... ადმინისტრაციას სასწრაფოდ ზომების მიღებისკენ მოვუწოდებ. საქართველოს მომავალი საფრთხის წინაშეა და ქართველი ხალხი, რომელიც ჩვენ მუდმივად გვერდში გვედგა, ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.

მისი აზრით, „შემდეგი ორი კვირა საქართველოსთვის გადამწყვეტია. ადმინისტრაციას აქვს ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა, რათა იმოქმედოს. მოვუწოდებ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, დაუდგეს გვერდში ქართველ ხალხს და მის ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის“.

საქართველოზე საუბრისას რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა აღნიშნა, რომ „ქვეყანა მათ შორისაა, ვინც მთლიანად ვერ მოიცილა რუსეთის გავლენა. რუსეთის იმპერიის აჩრდილები იქ ჯერ კიდევ არიან და ეს ყოველივე აისახება იმ მოვლენებშიც, რაც დღეს იქ ხდება. ტაქტიკა, რომელსაც [საქართველოს] მთავრობა იყენებს, რუსულია. ის მოიცავს სისასტიკესა და წამებას, დაკავებებს, ყველაფერს, რისი მოწმეც ძველად, საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს“.

სენატორმა რიშმა ისაუბრა ქართველი ხალხის დასავლურ სტრუქტურებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სურვილზე, რასაც მისი თქმით, მოსახლეობის 80% ადასტურებს და რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მშვიდად არ შეხვდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ისინი რამდენიმე კვირაა მასობრივ საპროტესტო აქციებს აწყობენ.

მან ამერიკის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სანქციების დაწესებისკენ და შეახსენა, რომ ამისთვის სენატმა სპეციალური საკანონმდებლო აქტი მიიღო.

„ღრმად, ღრმად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ეს არ გავაკეთეთ... ჩვენ ნამდვილად უნდა მივიღოთ ეს ზომა და როგორც ჩემს მეგობარს ნიუ-ჰემფშირიდან, [სენატორ ჯინ შაჰინს] არ მესმის, თუ რატომ არ გაკეთდა ეს... მინდა შევუერთდე მას და მოვუწოდო ადმინისტრაციას, მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს ის, რაც აუცილებელია; მიჰყვეს კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ; ისარგებლოს სანქციების დაწესების გზით, რომელიც ჩვენ მათ გავუმზადეთ“.

დასასრულს, სენატორმა რიშმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი აღარ დაუბრუნდება საბჭოთა კავშირის პერიოდის წარსულს, რადგან „მათ სურთ დასავლეთისკენ ყურება, კონსტიტუციით და საკუთარი ნებით, მათ სურთ ევროკავშირის და ნატოს წევრად ყოფნა. მოდით მივცეთ მათ ნებისმიერი საშუალება, რისი შესაძლებლობაც გაგვაჩნია“.

სრულად წაკითხვა