ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ბადრა გუნბას განცხადებით “თბილისთან დიალოგი შესაძლებელია რეალობის აღიარების და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“, - ამის შესახებ გუბნამ რია ნოვისტისთან ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - აღნიშნა მან.
გუნბას სიტყვებით, აფხაზეთის პრიორიტეტი „მეზობელთან მშვიდობიანი ცხოვრებაა“.
„ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ მათ წინაშეა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც არც ომი სურს და არც კონფლიქტი. ეს პრიორიტეტი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფარგლებში ვლადისლავ არძინბამ დაისახა და ის არ შეიცვლება“, - განაცხადა მან.
გამარჯვების დღის წინ მოსკოვზე უკრაინული დრონით თავდასხმის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას მან განაცხადა, რომ ეს „სახელმწიფო ტერორიზმია“.
„უკრაინის ხელისუფლება ხსოვნის წინააღმდეგია. საბჭოთა პერიოდის გმირების გარეშე, შესაძლოა, უკრაინა თავისი წინარე სახლით არ არსებულიყო. ჩვენ ვხედავთ ნეოფაშიზმის გამოვლინებებს, მეხსიერების წაშლისა და მილიონობით ადამიანისთვის დღესასწაულის ჩაშლის მცდელობებს. თუმცა, ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - თქვა მან.
გუნბამ კომენტარი გააკეთა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც და თქვა რომ „სიტუაცია დასტაბილურდა“. მისი თქმით, „ხალხი დაიღალა პოლიტიკითა და პოპულიზმით“.
„საჭიროა მუშაობა და გავაუმჯობესოთ მოქალაქეების ცხოვრება“, - აღნიშნა გუნბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. 10 მაისს მას კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უმასპინძლა. პუტინმა მიიღო აფხაზეთში მიწვევის შეთავაზებაც.