საფრანგეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
მათ შორის, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტებს.
მან სოციალურ ქსელში ორი პოსტი გამოაქვეყნა:
„ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა და სასტიკი ცემა იმ ჟურნალისტებისა, რომლებიც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ“, - წერს ის X-ზე და ამით ეხმიანება 7 დეკემბერს, ტვ პირველი ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს.
პლატფორმა X-ზე წერს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისზე თავდასხმისა და პოლიტიკოსებისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის შესახებ:
„რუსული რეჟიმი თბილისში ბრუნდება ღამით სამუშაოდ. მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა ქუჩებში, როდესაც ისინი ტერორს გაურბიან, პოლიტიკოსების, მედიისა და ხელოვანების მიზანში ამოღება, ოპოზიციური პარტიების ოფისების კარის მტვრევა, თავდასხმა და პოლიტიკოსების მიმართ სასტიკი მოპყრობა“.
საქართველოს პრეზიდენტი 7 დეკემბერს პარიზში გაემგზავრა. ის შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენს, ემანუელ მაკრონსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალზე მიესალმა პარიზში ჩასულ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც.
საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 7 დეკემბერს საღამოს გაიმართა, მსოფლიოს 30 სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩავიდა, მათ შორის არიან ბრიტანეთის პრინცი უილიამი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ელონ მასკი და სხვები.