საქართველოს საპატრიარქომ დაგმო გაბრიელ ურგებაძის, ცნობილი ქართველი მართლმადიდებელი ბერის, სახელის უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსული სამხედრო ნაწილისთვის გამოყენება და განაცხადა, რომ ეს „სრულიად გაუგონარი“ და „კატეგორიულად მიუღებელი“ ფაქტია.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსულმა სახელმწიფო მედიასაშუალებამ „რია ნოვოსტიმ“ „ქართველ საზოგადო მოღვაწეზე“ ბესიკ დანელიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა მოხალისეებმა, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“, „ჰუმანიტარული მისიის“ ფარგლებში, რუს სამხედროებს „წმინდა გაბრიელ ურგებაძის რაზმიდან“ და „ნევსკის ბრიგადიდან“ მოტოციკლები და სალოცავი ოთახები გადასცეს.
უფრო ადრე, იანვარში, „მოსკოვის საპატრიარქოს სამხედრო დანაყოფის“ Telegram არხმა გაავრცელა ინფორმაცია „გაბრიელ ურგებაძის სახელობის ახალი მართლმადიდებლური დანაყოფის“ შექმნის შესახებ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, რომელიც ეთნიკური ქართველებისგან შედგება.
ამ ცნობებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის კრიტიკა მოყვა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს“, – იტყობინება გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ 9 სექტემბერს ანდრია ჯაღმაიძის სიტყვებზე დაყრდნობით.
აღნიშნა რა, რომ „რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს“, ჯამღაიძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით“.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი“, – განაცხადა ჯამღაიძემ. „შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს“.
ქართული მედიის ინფორმაციით, „რია ნოვოსტის“ სტატიაში ნახსენები ბესიკ დანელია 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური პარტიის „ერთიანი საქართველოს“ წევრი იყო. მოგვიანებით, 2025 წელს, იგი მოწმის სტატუსით წარდგა ე.წ. წულუკიანის კომისიის წინაშე.
This post is also available in:
civil ახალი ამბები