საქართველოს საჯარო მოხელეების განცხადება

2 weeks ago 9

საქართველოს საჯარო მოხელეთა ნაწილმა 1 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც „ცალსახად ემიჯნებიან“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის შესახებ, და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენებას.

„ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის,  ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ყველა იმ მექანიზმის ბოლომდე ათვისება, რომელსაც გვთავაზობს ეს პროცესი“, – აცხადებენ საჯარო მოხელეები და აღნიშნავენ, რომ „მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების პროცესში“. ისინი აცხადებენ, რომ ისინი შრომობდნენ იმ მომავლისთვის, რომელიც „თითოეულ ადამიანს ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის, თანასწორობის, განვითარებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას აძლევს“.

„ამ რწმენით, ცალსახად ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო მოხელეები ადასტურებენ „განუხრელ ერთგულებას“ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ.

დეკლარაციას ხელს აწერს 200-ზე მეტი საჯარო მოხელე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, როგორიცაა პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სასამართლო სისტემა, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და ა.შ.

განცხადება ღიაა ხელმოწერისთვის და მისი ხელმოწერა შეუძლია საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა