საქართველოს „ტრადიციული ღირებულებების“ დასაცავად ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა

51 minutes ago 2

საქართველოში ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საკანონმდებლო წინადადებას მოამზადებს, რომლის მიზანიც „ტრადიციული ღირებულებების“ და იმ სხვა საკითხების დაცვააა, რომელთაც ის ქვეყნის ეროვნული იდენტობის ნაწილად მიიჩნევს.

ინიციატორებმა – მსახიობმა გიორგი შანიძემ, კინორეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ – ამის შესახებ 30 ივლისს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ახლადშექმნილმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში „საგრძნობლად იმატა იმ ტიპის ქმედებებმა და ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა“.

„აღნიშნული პროცესები სულ უფრო მეტად სცდება ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსიისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართული შეურაცხყოფის, აგრესიული რიტორიკის, სიძულვილის კამპანიებისა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავების ხასიათს იღებს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას“, – განაცხადა შანიძემ.

მისი თქმით, „თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა, ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეებისა და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს“.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას“, – განაცხადა მან.

ჯგუფმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, „აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა