WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში 2026

ბაქოში 11 ოქტომბერს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

საქართველოს წარმომადგენლებიდან გამარჯვებები მოიპოვეს ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ექვსის ნაცვლად ხუთი ძიუდოისტით მოუწია გამოსვლა, რადგან სოფიო სომხიშვილმა საფრანგეთის შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ჭიდაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ტრავმის გამო ვერ იასპარეზა ლაშა ბექაურმაც, რომელიც ლუკა მაისურაძემ შეცვალა.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უზბეკეთთან 3:4 წააგო, თუმცა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის შერეული გუნდური შეჯიბრების საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

  • I ადგილი – იაპონია (ოქრო);
  • II ადგილი – რუსეთის გუნდი (ვერცხლი);
  • III ადგილი – უზბეკეთი და საქართველო (ბრინჯაო).

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 2 ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა – მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ინდივიდუალური ასპარეზობის გუნდურ ჩათვლაში საქართველო იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. იაპონელებმა 7 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 93 ქვეყნის 622 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ნუცა ყაველაშვილი