საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ მისცეს კაცს, რომელიც დეკემბერში აქციაზე დააკავეს

1 day ago 2

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს პროევროპულ დემონსტრაციაზე დააკავა, სცემა და პირადი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული კამერა და ტელეფონი წაართვა. ბინადრობის უფლებაზე უარის თქმით მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინტერესებთან მისი საქართველოში ყოფნის შეუთავსებლობა და საფრთხე, რომელსაც ის უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას/საზოგადოებრივ წესრიგს.

გელა მეგრელიძეს ეჭვი იმის შესახებ, რომ მისი აქციაზე დაკავება შესაძლოა ქვეყნიდან გაძევების საფუძველი გამხდარიყო, ჯერ კიდევ 5 დეკემბერს ჰქონდა, როცა ემიგრაციის სამსახურიდან დაჟინებით ურეკავდნენ და იქ მისვლას სთხოვდნენ - ამ დროს მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ საქართველოდან აქ მცხოვრებ და აქციაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აძევებდნენ და ემიგრაციის სამსახურში არ მივიდა. გელასთვის ბინადრობის ნებართვაზე უარი წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ის აქციაზე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და. 2000 ლარით დაჯარიმდა.

გელა აქციაზე 1 დეკემბერს დააკავეს და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, პატიმრობის გარეშე, ხელწერილით გაათავისუფლეს. 5 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო მისთვის ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, სასამართლომ კი მხოლოდ 12 დეკემბერს იმსჯელა მის სამართალდარღვევაზე.

"ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სამართალდამრღვევი ვარ მანამდე, სანამ ეს სასამართლომ გაარკვია; სასამართლომაც ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიციელ ალექსი სადაღაშვილის ცრუ ჩვენების საფუძველზე, რომელიც ცრუ ჩვენებას სასამართლოში სიცილ-კისკისით აძლევდა, არ ვამეტებ, მართლა ასე იყო. მეორე მოწმეც მყავდა, ასევე პოლიციელი გიორგი ყაველაშვილი.

ჩემი დაკავება მოხდა სხვაგან, ვიდრე ბრალდებაში ეწერა, და არც ვინმესთვის მიგინებია, არც პოლიციის კორდონის გარღვევას ვცდილობდი, როგორც ამას მაბრალებდნენ" - ამბობს გელა, რომელიც ცალსახად აქციებში მის მონაწილეობას უკავშირებს უარს ბინადრობის ნებართვაზე.

გელა ამბობს, რომ მისი დაკავების ოქმი არის შაბლონური და საერთოდ არ ასახავს მისი დაკავების რეალურ გარემოებებს, შეცვლილია დრო და ადგილიც - გელას პარლამენტთან ფოტოების გადაღებისას დააკავეს და კამერა, რომელიც პოლიციამ წაართვა ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ

გელა ამბობს, რომ მისი დაკავების ოქმი არის შაბლონური და საერთოდ არ ასახავს მისი დაკავების რეალურ გარემოებებს, შეცვლილია დრო და ადგილიც - გელას პარლამენტთან ფოტოების გადაღებისას დააკავეს და კამერა, რომელიც პოლიციამ წაართვა ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ

ფოტოგრაფმა გელა მეგრელიძემ გერმანიის მოქალაქეობა დაახლოებით 20 წლის წინ მიიღო, თუმცა პანდემიის შემდეგ ის თითქმის სულ საქართველოშია.

საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე უარზე გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა უკვე გასული იყო გასაჩივრებისთვის განკუთვნილი ერთთვიანი ვადა.

2025 წლის 4 იანვარს მიგრაციის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოდან გააძევეს 25 ადამიანი, რომლებსაც სხვა ქვეყნების მოქალაქეობა ჰქონდათ და საქართველოში დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას. 4 იანვრის მდგომარეობით, მათგან მხოლოდ 10-ს ჰქონდა ქვეყანა დატოვებული - გაძევებულებს შორის იყო ეთნიკურად ქართველი, შეერთებული შტატების მოქალაქე ნიკ ლოლაძე.

"1 დეკემბერს დამაკავეს პროტესტის მონაწილე 107 მოქალაქესთან ერთად, იმ მოტივით, რომ ვიყავი არასწორ დროს არასწორ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი ამერიკის მოქალაქე ვიყავი, მცემეს და მოსამართლემ დამაკისრა ჯარიმა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრამდე აღმოვჩნდით მტრულ გარემოში, სპეცრაზმელები აბუჩად მიგდებდნენ და, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის გარეშე, მიბრძანეს დამეტოვებინა ქვეყანა 5 დღის განმავლობაში, ეს მოთხოვნა გავასაჩივრე პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად და დაახლოებით 5 000 დოლარი დავხარჯე იურიდიული მომსახურებისთვის, თუმცა ნათელი იყო, რომ ჩემი აპელაცია არ დაკმაყოფილდებოდა, ამის მიზეზი ძალოვანი სამსახურების მიერ მოკერებული იარლიყია, თითქოს რაიმე პრობლემას ვუქმნიდი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

ამის გარდა, მუდმივად ვიღებდი სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ ქვეყანა დამეტოვებინა, ვიცოდი, თუკი საქართველოში ყოფნის პერიოდში ამაზე მედიასთან ვისაუბრებდი აუცილებლად დამაკავებდნენ და კვლავ ციხეში აღმოვჩნდებოდი. 28 დეკემბერს, როცა ამერიკაში გამგზავრება გადავწყვიტე, დამაკავეს საპასპორტო კონტროლის დროს, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად შემშინებოდა და დაბრუნებაზე არასდროს მეფიქრა" - უთხრა მან ფორმულას ქვეყნის დატოვების შემდეგ.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

თვეზე მეტია, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. საპროტესტო აქციების მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლებაა - ასეთებად მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ დემონსტრანტებს.

სრულად წაკითხვა