საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩავა

4 days ago 4

18 დეკემბერს საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს ოფიციალური ვიზიტი დაიწყება. გენერალური მდივანი თბილისში ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მიმართულებით გენერალურ დირექტორთან და დემოკრატიისა და ადამიანური ღირსების მიმართულების დირექტორთან ერთად ჩავა.

"ეს მისიაა იმ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში, რომელიც ბოლო კვირებში ძლიერი დაძაბულობით გამოირჩევა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაციით და ძალადობის აქტებით. ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის განგრძობითი თანამშრომლობის პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით", - ვკითხულობთ ევროპის საბჭოს განცხადებაში.

საქართველო 1999 წლიდან საბჭოს წევრია და ორგანიზაცია მას ამ განცხადებაში საკუთარ ვალდებულებებს შეახსენებს, მათ შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პრინციპების პატივისცემას. საბჭოს განცხადებით, გენერალური დირექტორი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს სტაბილურობისა და მშვიდობისთვის ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობას, როცა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შეხვდება.

"ახლანდელ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავიდან აიცილოს დაძაბულობის ესკალაცია. ის მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს - კონკრეტულად კი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს პრინციპები არსებითია ქვეყნის სტაბილურობის გარანტირებისთვის და ქართველი ხალხის მოლოდინს შეესაბამება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე წერილში, საქართველოს შეახსენებენ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამოქმედო გეგმას, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დამტკიცდა და 2024-27 წლების ნაბიჯებს მოიცავს. მათ შორის უმთავრესი კი სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მუშაობა იყო.

"ევროპის საბჭო მზადაა სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური ჩართულობით შეცვალოს ეს მხარდაჭერა იმის მიხედვით, თუ რა რეალობა იქნება ადგილზე. ამ სამოქმედო გეგმის პრუორიტეტები ადგილობრივ დონეზე რეფორმების პროგრამაში უნდა იყოს გათვალისწინებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასევე მიესალმება ნიკა გვარამიასა და ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას და ბერსე აპირებს ორივე მათგანს პირადად შეხვდეს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად და "კიდევ ერთხელ გამოუცხადოს მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს".

სრულად წაკითხვა