დღეს, 18 დეკემბერს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები.
გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.
ევროსაბჭოს განცხადებით, საქართველომ, როგორც ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ვალდებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას, რაც არსებითია ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის და გენერალურ მდივანს შესაძლებლობა ჰქონდა ეს სრული სიცხადით გაემეორებინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ბოლო სატელეფონო საუბრების დროს.
საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას - თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას.
ევროსაბჭოს განცხადებითვე, 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენილია საქართველოს ხელისუფლებასთან პარტნიორობით და მინისტრთა კომიტეტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირებას. ევროპის საბჭო მოწოდებულია მხარდაჭერა მოარგოს ადგილზე არსებულ რეალობას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, პრიორიტეტები კი უნდა აისახოს რეფორმების ეროვნულ პროგრამაში.
საქართველოში ვიზიტისას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.