საქართველოში მომუშავე გერმანული პოლიტიკური ფონდები რუსული კანონის წინააღმდეგ

2 weeks ago 12

საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები “უკიდურეს შეშფოთებას” გამოთქვამენ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობას” ეხება.

გერმანული პოლიტიკური ფონდების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონის პირველივე მოსმენით მიღება და განხილვა “არსებითად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან”.

“თუ კანონს მიიღებენ, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სივრცეს კრიტიკული ხმებისთვის და ხელს შეუწყობს პოლარიზაციას. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა “არაერთხელ გამოთქვეს საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე სურვილი და გამოხატავენ სასტიკ წინააღმდეგობას ამ კანონის მიმართ”.

“ჩვენ ვიზიარებთ კანონის კრიტიკას, რომელსაც ბევრი პატივცემული ინსტიტუტი გამოთქვამს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, სერიოზულად მოეკიდოს ქართველი და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების შეშფოთებას და ჩააგდოს კანონი. სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა საქართველოში ორი ათეული წლის წინ.

კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი მთელი ნამუშევარი საქართველოსთვის მძიმე უკუსვლას დაიწყებს. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას “უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში”, – წერია გერმანული პოლიტიკური ფონდების განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან:

  • ჰაინრიხ ბიოლის ფონდი,
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდი,
  • ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი,
  • კონრად ადენაუერის ფონი.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

სრულად წაკითხვა