WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით 23.2%-ით შემცირდა და 468.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატი“ აღნიშნავს, რომ კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით. „საქსტატის“ მონაცემებით, ჩინური ინვესტიციები გაიზარდა როგორც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე წინა კვარტალთან შედარებით, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთიდან ინვესტიციები წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრდა, მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კვლავ 135%-ით გაიზარდა.

ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია ჩინეთი 219.5 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3%) და არაბთა გაერთიანებული საამიროები 47.7 მლნ აშშ დოლარით (10.2%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3%-ს შეადგენს.

2026 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მისი  წილი 64.1%-ით განისაზღვრა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში  განხორციელდა და 207.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.3%-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 119.9 მლნ აშშ დოლარით (25.6%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუავებელი მრეწველობა 59 მლნ აშშ დოლარით (12.6%). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 82.4% შეადგინა.

This post is also available in: English