საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს“.
„ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
სამინისტრომ საგარეო ვაჭრობა „ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორად“ დაასახელა და განაცხადა, რომ იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა და 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 63.5%-ს გაუტოლდა და 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
civil ახალი ამბები