საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 3.704 მლნ-ს შეადგენს

2 weeks ago 9

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 704 500-ს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია. ამასთან, 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).  

საქსტატის ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცია, 52% კი – ქალი. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. ამასთან, წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი. საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 39 წელს შეადგენს.

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6%-ს.

მოსახლეობის 61.5% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს 1.282 მილიონით. მოსახლეობის რეგიონების მიხედვით გადანაწილება ასეთია: ქვემო ქართლი – 438 000; იმერეთი – 433 000; აჭარა – 366 000; კახეთი – 298 000; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 283 000; შიდა ქართლი – 242 000; სამცხე-ჯავახეთი – 140 000; გურია – 100 000; მცხეთა-მთიანეთი – 92 000; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25 000.

2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34%-ით შემცირდა და 135 811 ადამინი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2024 წელს, იმიგრანტების 48.2%, ხოლო ემიგრანტების 53.2% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, დანარჩენთა უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, თურქეთის, ინდოეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ.

შენიშვნა: მოცემული მაჩვენებელი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას არ მოიცავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა