WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ახალი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან მიწოდება „სპეციალიური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ განახორციელა.

2019 წლის 5 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას აღნიშნულ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს.

დოკუმენტით გათვალისწინებულია „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებაც.

კონკრეტულად „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში და რა გზით, ამ ეტაპზე უცნობია.

11 აგვისტოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რითაც შპს „სოლიდუსს“, სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება - „18 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“. ამ ეტაპზე უცნობია, მიაწოდა თუ არა აღნიშნულმა კომპანიამ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთს.

შპს „სოლიდუსის“ მფლობელი გიორგი არველაძეა, ხოლო დირექტორი - შოთა კევლიშვილი. კევლიშვილმა რადიო თავისუფლების ზარებს არ უპასუხა.

3 ათასი ტონა

ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა 12 აგვისტოს იმ კომპანიის დასახელება მოითხოვეს, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა.

ისინი ამტკიცებენ, რომ მიწოდებული საწვავით შესაძლოა მოხდეს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგება. ამის გარდა, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ საწვავი „სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ“.

ოპონენტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა უპასუხა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ აფხაზეთს მიეწოდა „3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა“.

„რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად?“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ეს ძალიან ბევრია“

ნავთობპროდუქტების კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ აფხაზეთში საწვავი კავშირში შემავალ არცერთ კომპანიას არ მიუწოდებია.

რატი იონათამიშვილის მიერ დასახელებული მოცულობიდან გამომდინარე, იობაშვილი ვარაუდობს, რომ მიწოდება საზღვაო გზით, ტანკერით მოხდა.

„3 ათასი ტონა - ეს ძალიან ბევრია. მსგავსი მოცულობის მიწოდების საშუალება დიდ, მულტინაციონალურ კომპანიებსაც არ აქვთ“, - ამბობს იობაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავი მხოლოდ ევროპული ქვეყნებიდან, მცირე რაოდენობით დიზელი კი აზერბაიჯანიდან შემოდის.

მასალა განახლდება