წყაროები: ზელენსკი ბაქოსა და ერევანში - ვისთვის რას ნიშნავს ეს ვიზიტი, თუ ის შედგა

4 weeks ago 19

უკრაინისთვის, რომელსაც ბოლო პერიოდში ბრძოლის ველზე პრობლემები აქვს, ასეთი ვიზიტი „რუსეთის უკანა ეზოში“, მის ტრადიციულ მოკავშირეებთან, მოსკოვის დესტრუქციული როლის გამოკვეთის შესაძლებლობა იქნებოდა.

სომხეთისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში „საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის“ სახელით რუსეთისგან დაშორებას ცდილობს, ეს იქნებოდა კიდევ ერთი შესაძლებლობა, წარმოაჩინოს, რომ რუსეთისგან დისტანცირება მართლაც სურს. მაგრამ ეს ნაბიჯი, თუკი გადაიდგმება, რისკებსაც შეიცავს.

აზერბაიჯანი, რომლისთვისაც საგარეო პოლიტიკის ტრანზაქციულობაა დამახასიათებელი, ვიზიტს გამოიყენებდა იმის საჩვენებლად, რომ ავტორიტარიზმზე დასავლური პრეტენზიების მიუხედავად, იგი ანგარიშგასაწევი მოთამაშეა რეგიონში.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვიოს; სავარაუდო თარიღი 4 მარტია, თუმცა დეტალები კვლავ ზუსტდება.

ბაქოში ოფიციალურ დონეზე ჯერ დუმან. ერევანში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, თუმცა უკრაინის წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ ვიზიტი დაგეგმილია. ოფიციალურ დონეზე მოსკოვშიც არაფერს ამბობენ, კრემლის პროპაგანდისტები კი სომხეთს აფრთხილებენ.

ამ ცნობებში საქართველო არ ფიგურირებს. თუკი ზელენსკის ვიზიტი ისე ჩაივლის, რომ პრეზიდენტი საქართველოს მონახულების გარეშე ეწვევა ერევანსა და ბაქოს, ეს კიდევ ერთხელ გამოაჩენს თბილისსა და კიევს შორის დაძაბულობას.

ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ზელენსკი სამხრეთ კავკასიაში ჩამოდის

ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ზელენსკი სამხრეთ კავკასიაში ჩამოდის

რას ნიშნავს ვიზიტი უკრაინისთვის?

უკრაინა „ყველაფერს იღონებს [სამხრეთ კავკასიის] რეგიონში სტაბილურობისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სომხეთში უკრაინის ელჩის მოადგილემ, ვალერი ლობახმა, როდესაც რეგიონში პრეზიდენტ ზელენსკის სავარაუდო ვიზიტზე ვკითხეთ.

სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ათწლეულებია, დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან, მეოთხე წელია, სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობენ.

მოლაპარაკებებში, რომელიც ხან მოსკოვის, ხან ვაშინგტონის, ხან კი ბრიუსელის მედიაციით მიმდინარეობდა, ახლა ბაქო და ერევანი ერთი-ერთზე არიან დარჩენილები.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, კიევი ორ ქვეყანას შორის მედიატორად განიხილავდეს თავს და ეს ვიზიტი, თუკი შედგება, სხვა მიზნით შედგება:

„ვფიქრობ, კიევი დაინტერესებულია არა უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესით, არამედ იმით, რომ საკუთარ მხარეს ეგულებოდეს ორივე ქვეყანა, რაც სამეზობლოში რუსეთის გავლენის შესუსტებას აჩვენებდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იუჯინ კოგანი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. ის წლებია, თბილისში ცხოვრობს.

იუჯინ კოგანი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი

იუჯინ კოგანი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი

კოგანის თქმით, ეს „ძალიან წარმატებული მისია იქნებოდა“ უკრაინისათვის, რომელიც ამჟამად, 2024 წლის თებერვლისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ პრობლემებს აწყდება რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში, - რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ავდეევკიდან შენაერთების უკან დახევამ და, პარალელურად, დასავლური იარაღისა და დახმარების დაგვიანებამ გამოკვეთა.

სომხეთი-უკრაინა: არცთუ ახლო კავშირები

სომხეთისა და უკრაინის ურთიერთობები განსაკუთრებულად ახლო არასდროს ყოფილა.

როდესაც ერევანი ყარაბაღელი სომხების „თვითგამორკვევის უფლებაზე“ აპელირებდა, უკრაინისთვის, რომელიც რუსულ ოკუპაციას ებრძოდა, ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი იყო.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობათა ფურცლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ბოლოს 2002 წელს ეწვია სომხეთს. მაშინ უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იყო. სომხეთის პრეზიდენტებს შორის კი კიევს ბოლოს სერჟ სარგსიანი ეწვია - 2012 წელს, პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას.

რუსეთის მიერ ყირიმის 2014 წლის ანექსიის შემდეგ, 2022 წლამდე, ერევანი გაეროში, რუსეთის მსგავსად, ყირიმის ოკუპაციაზე მიღებული რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. რეზოლუცია გმობდა რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ოკუპაციას, სომხეთი კი რეზოლუციას ეწინააღმდეგებოდა.

ზელენსკისა და ფაშინიანის მოკლე შეხვედრა გრენადაში 2023 წლის 5 ოქტომბერს.

ზელენსკისა და ფაშინიანის მოკლე შეხვედრა გრენადაში 2023 წლის 5 ოქტომბერს.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა:

  • შეჭრის წინა დღეს, 23 თებერვალს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება „არ არის სომხეთის დღის წესრიგში“;
  • ომის დაწყებიდან 4 დღეში, 28 თებერვალს, სომხეთმა პირველად შეცვალა გაეროში პოზიცია. მართალია, მას ხმა არ მიუცია, მაგრამ თავი შეიკავა დაეფიქსირებინა პოზიცია უკრაინაზე რეზოლუციაზე; ამით მან რუსეთის მხარეს დგომის დიდხნიანი ტრადიცია დაარღვია;
  • ფაშინიანმა შარშან ზაფხულში პირველად თქვა: „ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში“.
  • შემოდგომაზე პირველად გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში, რომელიც კიევში ჩაიტანა პირველმა ლედიმ, ანა ჰაკობიანმა; კიევში ვიზიტისას მონაწილეობა მიიღო პირველ პირთა ცოლების სამიტში უკრაინის მხარდასაჭერად;

შემდეგ იყო ნიკოლ ფაშინიანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელი და ძალიან მოკლე შეხვედრა ესპანეთში, ქალაქ გრენადაში. ისინი 5 ოქტომბერს „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების“ სამიტზე აღმოჩნდნენ ერთად.

15 ნოემბერს სომხეთი მიესალმა ევროკავშირის გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან [მოგვიანებით ფაშინიანი იტყვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა „აუცილებლად იმოქმედებს ჩვენი რეგიონის საერთო იმიჯსა და ატმოსფეროზე“].

ზელენსკისა და ფაშინიანის მოკლე შეხვედრიდან ორიოდე თვეში, 11 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და არარატ მირზოიანი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ბრიუსელში.

კულებამ დაწერა, რომ უკრაინა მხარს უჭერს მშვიდობას რეგიონში და, ასევე, „რეგიონულ ვაჭრობასა და კულტურულ პროექტებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე“.

მეორე დღეს არგენტინაში, პრეზიდენტ ხავიერ მილეის ინაუგურაციაზე, სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს.

პრეზიდენტ ხაჩატურიანის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს „გზა ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის სრულად ასათვისებლად“.

სომხეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვაჰაგნ ხაჩატურიანი და ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ხვდებიან ერთმანეთს. 2023 წლის 12 დეკემბერი

სომხეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვაჰაგნ ხაჩატურიანი და ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ხვდებიან ერთმანეთს. 2023 წლის 12 დეკემბერი

სულ ბოლოს, 2024 წლის 19 თებერვალს ფაშინიანმა მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ამის დასასაბუთებლად მოიტანა ალმა-ატის დეკლარაცია, სადაც წერია, რომ ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და რუსეთი, „აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და არსებული საზღვრების ურღვეობას“.

რას ნიშნავს ზელენსკის ჩასვლა ერევანში სომხეთისთვის?

ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა ერევანში დაადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ნამდვილად სურს რუსეთისგან დისტანცირება.

2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლებაში მოსული ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის დროს აზერბაიჯანმა სრულად აღიდგინა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, სადაც 1988-94 წლებში ეთნიკური კონფლიქტის შემდეგ, ძირითადად, სომხები ცხოვრობდნენ.

სომხეთის რუსეთზე გულის აცრუებაც ამ კონფლიქტს უკავშირდება.

ერევანი მოსკოვზე ნაწყენია 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომსა და მომდევნო პერიოდში აზერბაიჯანის შეტევებისას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და რუსეთის მიერ სომხეთის დასახმარებლად საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაზე უარის თქმის გამო.

სომხეთი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებდა მოსკოვისგან უკვე ნაყიდ იარაღს. 2024 წლის თებერვალში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა „გაყინა“ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა.

ერევანი აცხადებს, რომ საჭიროა საგარეო-პოლიტიკური კურსისა და უსაფრთხოების სექტორის „დივერსიფიკაცია“ და, რომ ერთ ძალაზე - რუსეთზე - დამოკიდებულება სტაბილურობას ვერ მოიტანს.

სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ზელენსკის მიღება ერევანში.

გარდა იმისა, რომ ზელენსკის ვიზიტი ერევნისა და მოსკოვის გახლეჩას გამოაჩენს, ანალიტიკოსის, იუჯენ კოგანის აზრით, ერევანში ჩასვლა შესაძლებლობა იქნება პრეზიდენტ ზელენსკისთვის, ფაშინიანი გააფრთხილოს რუსეთის დესტრუქციულ როლზე და პირადი შეხვედრისას უთხრას: „ფრთხილად იყავი პუტინის რუსეთთან, მზად იყავი ნებისმიერი შედეგისათვის“.

კოგანის თქმითვე, „ფაშინიანმა კარგად უწყის მოსალოდნელი პრობლემების შესახებ მოსკოვიდან“, მაგრამ ახლა მისთვის „მთავარი საფრთხე აზერბაიჯანისგან მომდინარეობს“, რომელსაც, მისი თქმით, გარდა თურქეთის ღია მხარდაჭერისა, რუსეთი ფარულად უჭერს მხარს.

სომხეთი აზერბაიჯანს ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მკაცრი რიტორიკა ერევანს აძლევს საშუალებას, ილაპარაკოს აზერბაიჯანის შეჭრის რისკზე. 13 თებერვალს სასაზღვრო რეგიონში მომხდარი ინციდენტი, რასაც 4 სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ბოლო თვეებში ორ ქვეყანას შორის მომხდარი პირველი სისხლიანი ეპიზოდი იყო, რამაც გამოაჩინა, რომ მშვიდობა ჯერ კიდევ შორი პერსპექტივა შეიძლება იყოს.

ვინ რას ამბობს სომხეთში

მაგრამ ერევნის ანალიტიკურ წრეებსა და ოპოზიციაში ზელენსკის ვიზიტისადმი სკეპტიკური ხედვაც არსებობს.

ანალიტიკოსი ტიგრან გრიგორიანი, „დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის“ დირექტორი, ამბობს, რომ თავად ვიზიტი, თუკი მართლაც გაიმართება, „საერთოდ არაფერში არ წერია“.

„სომხეთი ამით რეალურ სარგებელს ვერ მიიღებს, თუ არ ჩავთვლით ფაშინიანის ქებას დასავლეთიდან. ეს უბრალოდ კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის სომხეთს გაძლიერებული რუსული ზეწოლისა და მუქარისადმი“, - მიიჩნევს გრიგორიანი.

ოპოზიციაშიც სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მოსკოვის რეაქცია არ აინტერესებთ.

„უკრაინის პრეზიდენტი არის საკუთარი ქვეყნის მიერ არჩეული ლიდერი, და როგორც სხვა ქვეყნების ლიდერებს, შეუძლია, ეწვიოს სომხეთს, თუ განსაკუთრებული სირთულე არ არსებობს“, - ამბობს ბაბკენ ტუნიანი, მმართველი პარტიის დეპუტატი.

„ჩვენ არ გვადარდებს, როგორ ირეაგირებს ან არ ირეაგირებს რუსეთი [ზელენსკის ვიზიტზე]“, - ეს სიტყვების მმართველი პარტიის დეპუტატს ეკუთვნის - გაგიკ მელკონიანს.

კრემლთან დაკავშირებული „საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს“ ანალიტიკოსმა, დმიტრი სუსლოვმა პროპაგანდისტულ „სპუტნიკს“ განუცხადა, რომ ზელენსკის ვიზიტი იქნება მოსკოვი-ერევნის ურთიერთობების „ის წერტილი, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება შეუძლებელია“.

რას ნიშნავს ზელენსკის ჩასვლა ბაქოში აზერბაიჯანისთვის?

აზერბაიჯანისა და უკრაინის კავშირები სომხეთ-უკრაინის ურთიერთობებისგან ბევრად განსხვავდება.

ორი ქვეყანა მუდმივად მხარს უჭერდა ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მხარეები მონაწილეობენ ორმხრივ დიალოგში, გაფორმებული აქვთ შეთანხმებები ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურის გაცვლა-გამოცვლის სფეროებში.

ზელენსკი და ალიევი მოლდოვაში, 2023 წლის 1 ივნისი

ზელენსკი და ალიევი მოლდოვაში, 2023 წლის 1 ივნისი

ლიდერები ხშირად ურეკავენ და ხვდებიან ერთმანეთს, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც.

2023 წლის 2 ივნისს, როდესაც ზელენსკი ალიევს მოლდოვაში, „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე“ შეხვდა, მას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენაში მხარდაჭერისათვის.

ბოლო შეხვედრა ახლახან, 2024 წლის 17 თებერვალს გაიმართა გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, გაფართოებულ ფორმატში.

ზელენსკიმ ალიევს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ქალაქ ირპენის ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებისთვის, და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობისათვის.

ზელენსკი ომამდე, 2019 წელს, აზერბაიჯანშიც არის ნამყოფი.

ილჰამ ალიევი კიევში. 2022 წლის 14 იანვარი - რუსეთის შეჭრამდე 6 კვირით ადრე

ილჰამ ალიევი კიევში. 2022 წლის 14 იანვარი - რუსეთის შეჭრამდე 6 კვირით ადრე

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არ შეიძლება, ცალსახად დახასიათდეს, როგორც „პროდასავლური“ ან „პრორუსული“. მისი ურთიერთობები ეყრდნობა არა ღირებულებებს, არამედ მოცემულ ვითარებაში საერთო ინტერესთა თანხვედრას, - როგორც ანალიტიკოსები ამბობენ ხოლმე, ტრანზაქციულებით გამოირჩევა. ბაქოს არც მოსკოვთან აქვს ცუდი ურთიერთობები.

თუკი ზელენსკი ბაქოში ჩავა, ამ ვიზიტს აზერბაიჯანი გამოიყენებს დასავლური სამყაროსთვის იმის საჩვენებლად, რომ დემოკრატიასთან სიმწყრალის მიუხედავად, - რის გამოც ბაქოს მუდმივად საყვედურობენ, - მისი აზრი, როგორც რეგიონული აქტორისა, აინტერესებთ.

„უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ბაქო ანკარისა და მოსკოვის მორჩილია და არა კიევისა“, - ამბობს ანალიტიკოსი იუჯინ კოგანი.

აზერბაიჯანში ზელენსკის ვიზიტის მნიშვნელობაზე, რუსული და სომხური მედიისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მედიებსა და ანალიტიკოსებს თითქმის არაფერი დაუწერიათ.

ბაქოელი ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რახან აზერბაიჯანის მთავრობას არ დაუდასტურებია ზელენსკის ვიზიტზე გავრცელებული ცნობები, შესაძლოა, ბაქოში ზელენსკის ვიზიტი არც გაიმართოს.

„ზოგადად, ასეთ ცნობებს ხელისუფლება მალევე ადასტურებს ხოლმე, რაც ახლა არ ყოფილა“, - ამბობს იგი და დასძენს, რომ ომის პირობებში, პრეზიდენტი ალიევი ამჯობინებდა, ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედროდა პრეზიდენტ ზელენსკის.

შედგება ვიზიტი?

ინფორმაცია ბაქოსა და ერევანში ზელენსკის სავარაუდო ვიზიტის შესახებ თავდაპირველად სომხურ მედიაში გამოჩნდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დიპლომატიური წყაროების ცნობით, პრეზიდენტი ზელენსკი მართლაც გეგმავს, უახლოეს პერიოდში ეწვიოს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

სომხეთის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირმა ეს ინფორმაცია 27 თებერვალს კვლავ გაიმეორა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით.

სომხეთში უკრაინის ელჩის მოადგილემ, ვალერი ლობახმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია და განაცხადა: „გაზაფხული დადებით მოვლენებს მოუტანს სომხეთს“.

სომხეთში უკრაინის ელჩის მოადგილე, ვალერი ლობახი ესაუბრება ჟურნალისტებს. 2024 წლის 23 თებერვალი.

სომხეთში უკრაინის ელჩის მოადგილე, ვალერი ლობახი ესაუბრება ჟურნალისტებს. 2024 წლის 23 თებერვალი.

„ბევრი რამ არის სათქმელი, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკრაინა ყველაფერს იღონებს რეგიონში სტაბილურობისთვის“, - გვითხრა მან.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ საზოგადოებას უცხოელი ლიდერების ვიზიტების შესახებ „თავის დროზე“ აცნობებენ.

სომხურმა გამოცემა Factor-მა, რომელმაც საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ცნობა ზელენსკის ვიზიტის შესახებ, დაწერა, რომ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც 1992 წლის რუსეთ-სომხეთის შეთანხმების საფუძველზე დგანან ერევნის აეროპორტში, აეროპორტს დატოვებენ. ოფიციალურად არც ეს ინფორმაცია დადასტურებულა.

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ თუკი ვიზიტი გაიმართება, ეს რეგიონული უნდა იყოს.

როდესაც ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ აზერბაიჯანულ მედიაში არ არის ასეთი მოლოდინი, უპასუხა: „მიკვირს, როგორ არის [თქვენთვის] აზერბაიჯანის ... მედიის განცხადებები უტყუარი სიმართლე.... რომ აღმოჩნდეს, რომ აზერბაიჯანში ჩადის, მაშინ რას იტყვით?“ - თქვა მან, თუმცა დასძინა, რომ ერევანში ზელენსკის დაგეგმილ ვიზიტზე ინფორმაციას არ ფლობს.

ჩამოვა საქართველოში?

რადიო თავისუფლების წყაროებს არაფერი უთქვამთ მის საქართველოში ვიზიტზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში სამი დღეა, არ პასუხობენ რადიო თავისუფლების კითხვას, ხომ არ იგეგმება ზელენსკის ვიზიტი საქართველოში.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ესალმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 2014 წლის 17 თებერვალი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ესალმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 2014 წლის 17 თებერვალი

ალექსი პეტრიაშვილი, 2012-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოკვეთილად ცდილობს უკრაინისგან დისტანცირებას.

„ეს არის ხელისუფლების გამოკვეთილი ხაზი მაშინ, როდესაც უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა ვითარდებოდეს, მხარდაჭერის დემონსტრირებას ვახდენდეთ გაცილებით ძლიერად და მკაფიოდ, ვიდრე ახლა.

ცხადია, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც სამხედრო დახმარების აღმოჩენას, - უამრავი ფორმა არსებობს, რომ საქართველო რეალურად მხარს უჭერდეს უკრაინას და თან არ ზრდიდეს ამით რუსეთიდან სამხედრო აგრესიის საფრთხეს“, - ამბობს იგი.

„ცალსახად მისასალმებელია, რომ სომხეთსა და უკრაინას, აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის, თანამშრომლობა ღრმავდება და სერიოზულ დონეზე ადის. და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ უკრაინასთან, ზომიერად რომ ვთქვათ, ასეთ დაბალ დონეზე გვაქვს, სახელმწიფო ურთიერთობები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც ამჟამად „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრებიდან ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა 2021 წელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრებიდან ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა 2021 წელს

მისი თქმით, „უკრაინასთან ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს, ხელისუფლების პოზიციონირება არის განსხვავებული დემოკრატიული თანამეგობრობისგან და, სამწუხაროდ, მითი იმის თაობაზე, თითქოს უკრაინა ცდილობს საქართველოს რუსეთთან „ომში ჩათრევას“, ძალიან ცუდად მოქმედებს საქართველოში ხელისუფლების იმიჯსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში ქვეყნის იმიჯზე“.

სრულად წაკითხვა