სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

4 days ago 5

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 27 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა და უკანასკნელი საკანონმდებლო სიახლეები განიხილეს.

„შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გენერალურ მდივანს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განიხილეს მედიის თავისუფლების, გამოხატვისა და შეკრების უფლებების რეალიზაციის კუთხით არსებული ვითარება, ასევე უკანასკნელი პერიოდის საკანონმდებლო სიახლეები და სახალხო დამცველის მოსაზრებები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრესრელიზში.

სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, რომელიც იოსელიანს ახლავს, სტრასბურგში ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დირექტორატის ხელმძღვანელს ჯანლუკა ესპოზიტოსა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს ჰიუ ჩეთვინდს შეხვდნენ.

ალან ბერსე საქართველოს გასული წლის დეკემბერში სტუმრობდა, რა დროსაც შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან და ოპოზიციურ კოალიციებთან.

20 დეკემბერს ვიზიტის დასასრულს, ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა. მის ამ განცხადებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კრიტიკა მოყვა. ზურაბიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ალან ბერსეს არ აქვს „მანდატი“, რომ „რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან…  ვის რაში აინტერესებს „რუსული კანონის“ შეცვლა თუ არ შეცვლა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა