64
სახალხო დამცველი ეხმიანება 2025 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას მომხდარ ფაქტს, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევის გამო, მიზანმიმართული, რეალური საფრთხე შეექნა შეკრების მონაწილეებს.
„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო.
ამასთან, აუცილებელია დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავ უწყებასთან. ხოლო სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით უკვე სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას, რასთან დაკავშირებითაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გამოხატავენ პროტესტს. საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან. მოცემულ ეტაპზე, წარმოება გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

9 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·