სახალხო დამცველი საკანონმდებლო პროცესს აკრიტიკებს და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

1 week ago 5

საქართველოს სახალხო დამცველმა 13 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე, „არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“. ამავე განცხადების თანახმად, ეს საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დაჩქარებული წესით, დაინტერესებული საზოგადოების თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე.

სახალხო დამცველმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, აღნიშნა, რომ საბოლოოდ მიღებული საკანონმდებლო პროექტით საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც „მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს“. მიღებული ცვლილებები ამარტივებს „რეორგანიზაციის“ პროცესს – ამცირებს ვადებს და აუქმებს ანაზღაურების მექანიზმების უმეტესობას. ეს ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელემ მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ უპასუხა, რომ საჯარო სამსახური ამით „თვითწმენდის“ პროცესშია.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა შეკრების დროს ნიღბის ტარების აკრძალვაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს მსგავს შეზღუდვას, უმრავლეს შემთხვევაში როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. „მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის“, – განაცხადა მან.

და ბოლოს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის ჯარიმებს და ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ზოგიერთი დარღვევისთვის, რაც შესაძლოა საკმაოდ მძიმე ტვირთი იყოს ადამიანებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა