Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს.
რაუფოღლუს მიერ გამოქვეყნებული სურათის მიხედვით, შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

“ვერცერთი ფედერალური მოხელე ან თანამშრომელი ვერ განახორციელებს რაიმე ქმედებას და ვერანაირი ფედერალური თანხა ვერ იქნება გამოყენებული, რაც აღიარებს ან რამე ფორმით მიანიშნებს, შეერთებული შტატების მიერ საქართველოში დღეს არსებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებას”
შესწორება აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას უკრძალავს.
რაუფოღლუს მიერ გამოქვეყნებულ სურათზე დატანილი ნომრით კონგრესის ვებგვერდზე კანონპროექტი შემდეგი სახელით იძებნება – “სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დებულებების აქტი”. კანონპროექტი 11 სექტემბერს დაარეგისტრირეს. კანონში რამე სახის შესწორების წინადადება კონგრესის საიტზე ჯერჯერობით ასახული არაა.
აღსანიშნავია, რომ სურათზე ასახული შესწორების წინადადება კანონპროექტის 313-ე მუხლს მიემართება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს. (ტაბულა)