სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლება მესამე სემესტრიდან ნაწილობრივ დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება

1 day ago 1

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრისა და მაგისტრატურის პროგრამების სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად მხოლოდ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში დაფარავს, ხოლო მესამე სემესტრიდან დაფინანსების ნახევარი დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, რაც წინა შესაბამის სემესტრში მიღებული ECTS კრედიტების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსების ნახევრის შესანარჩუნებლად,  სტუდენტი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება 30 ივლისს გამოქვეყნდა. ახალი სისტემა 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე გავრცელდება.

დადგენილების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება ორ თანაბარ ნაწილად გაიყოფა: „გარანტირებული“ და „დამსახურებაზე დაფუძნებული“ კომპონენტები, რომელთაგან თითოეული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ნახევარს ფარავს. ორივე კომპონენტი, რომელიც ერთად დაფინანსების 100%-ს შეადგენს, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში ავტომატურად დაიფარება.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრული საფასური ბაკალავრის პროგრამებისთვის წელიწადში 2500-დან 3500 ლარამდე, ხოლო მაგისტრატურის პროგრამებისთვის 2750-დან 3600 ლარამდე მერყეობს.

ახალმა მოდელმა მთავრობის ოპონენტების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც „ქართული ოცნების“ თავდაპირველ დაპირებაზე მიუთითეს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო გახდებოდა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

კრიტიკის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 1 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტუდენტებმა მხოლოდ მინიმუმ 51 ქულით უნდა ჩააბარონ საგნები, რათა დაფინანსების ნახევრისთვის საჭირო ECTS კრედიტები დააგროვონ. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსების მისაღებად.

„ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის მოცემულობა კონკრეტული პირებისგან, რომ თურმე საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რათა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა მან. „სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და მინიმალური უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. და ამ შემთხვევაში მას უკვე კრედიტი უფიქსირდება, არა აქვს მნიშვნელობა ეს არის მაღალი ქულებით მოპოვებული კრედიტი თუ დაბალი ქულებით და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მხარდაჭერას“.

მიქანაძემ დასძინა, რომ სტუდენტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კრედიტების მოთხოვნას, მაინც შეინარჩუნებენ დაფინანსების გარანტირებულ ნახევარს, მაგრამ მათ შეუძლიათ დაიბრუნონ დამსახურებაზე დაფუძნებული ნახევარი მომდევნო სემესტრებში, თუ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას.

სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კერძო უნივერსიტეტში გადადიან, საერთოდ დაკარგავენ სახელმწიფო დაფინანსებას, რადგან ახალი სისტემა არ ითვალისწინებს სახელმწიფო სწავლის საფასურის დაფინანსებას კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა