WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მას შემდეგ, რაც გეკა გელაძემ თანამდებობაზე ყოფნის სულ რაღაც ხუთი თვის თავზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის შემცვლელად გელაძის მოადგილე თამაზ ბორაშვილი წარადგინა; თავად გელაძე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაინაცვლებს.

ბორაშვილი სუს-ის რიგით მეოთხე უფროსი იქნება 2025 წლის აპრილში გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის შემდეგ; მანამდე ამ პოსტს იკავებდნენ: ანრი ოხანაშვილი (2025 წლის აპრილი-აგვისტო), მამუკა მდინარაძე (2025 წლის სექტემბერი – 2026 წლის აპრილი) და გელაძე (2026 წლის აპრილი-სექტემბერი).

კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თამაზ ბორაშვილი იქნება „სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში“. ბორაშვილის კანდიდატურა სადავო პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს; რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი სუს-ის უფროსს ექვსწლიანი ვადით ირჩევს.

კობახიძის თქმით, 2017-2022 წლებში ბორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის, მოგვიანებით კი — უფროსის თანამდებობებს იკავებდა. 2022 წელს იგი სუს-ში დაბრუნდა თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ იგი 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.

ბორაშვილმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურებოდა და მოსალოდნელი დანიშვნა „განსაკუთრებულ პატივად“ შეაფასა. მან აღნიშნა, რომ თუ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს, იგი გაორმაგებული ენერგიით იზრუნებს ქვეყნის ინტერესების დაცვასა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე.  

ბორაშვილი გელაძეს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა აპრილში დაიკავა და მამუკა მდინარაძე შეცვალა. გელაძეს გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია; მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საქმიანობას „სხვა უწყებაში“ გააგრძელებდა „პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების“ შემდეგ.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის და მას „გამორჩეული პროფესიონალი“ უწოდა, რომელსაც გამოარჩევს „კეთილსინდისიერება“.

კობახიძემ განაცხადა, რომ გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდება; მისი თქმით, გელაძის „ცოდნა და გამოცდილება“ მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს გუნდს.

This post is also available in: English