WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

29.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

პროკურატურის განცხადებით, კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას“, – ამბობს უწყება.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულება აღნიშნული ვერ მოახერხეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.