პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი და წევრი შორენა ლობჟანიძე, შორენა ლობჟანიძე დაპატიმრებულ გენადი კუპრეიშვილთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას, ემოციურ შეფასებებს აკეთებს და, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს საქართველოს საბანკო ასოციაციას, ყველა კომერციულ ბანკს საქართველოში:
“საჯარო მიმართვა საქართველოს საბანკო ასოციაციას და ყველა კომერციულ ბანკს საქართველოში.
მე, შორენა ლობჟანიძე, პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი და წევრი, მოგმართავთ საჯარო განცხადებით.
ა.წ. 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს მოქალაქე გენადი კუპრეიშვილს, რომელიც არის სენაკიდან, აქვს ბანკის სესხი 20 000 ლარის ოდენობით და ოჯახში იყო ერთადერთი გადამხდელი. დაკავების გამო ის ვერ ახერხებს საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას.
მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამოიჩინოთ თანაგრძნობა და სამართლიანობა და დროებით შეაჩეროთ აღნიშნული სესხის დაფარვა, გაუყინოთ ძირი თანხა და ამავე პერიოდში არ დარიცხოთ დამატებითი პროცენტები და ჯარიმები.
საბანკო სექტორიდან აღნიშნული ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ ჰუმანური, არამედ სამართლებრივად გამართლებული ქმედება, რომელიც ემსახურება მოქალაქის უფლებების დაცვასა და ბანკებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
ვფიქრობ, რომ ბანკების სოციალური პასუხისმგებლობა მოითხოვს განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც საქმე გვაქვს მოქალაქის დროებით უუნარობასთან, რომელიც გამოწვეულია იძულებითი პატიმრობით მოხდეს შესაბამისი ფინანსური ვალდებულებების გადავადება ან დროებითი შეჩერება. ეს არ ნიშნავს ვალის ჩამოწერას, არამედ სამართლიანი ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებასა და საბანკო ინტერესებს შორის.
გთხოვთ, აღნიშნული განცხადება განიხილოთ როგორც ოფიციალური თხოვნა საქართველოს საბანკო ასოციაციის, ასევე თითოეული კომერციული ბანკის მენეჯმენტის დონეზე.
ჩემი მიზანია, რომ მსგავს ვითარებაში მყოფი მოქალაქეები არ აღმოჩნდნენ კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მხოლოდ იმის გამო, რომ დროებით ვერ ახერხებენ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას.
პატივისცემით,
შორენა ლობჟანიძე
პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“
2025 წლის 11 ოქტომბერი
საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia საქართველოს ბანკი • Bank of Georgia საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia Liberty • ლიბერთი Credo Bank / კრედო ბანკი TBC – თიბისი საქართველოს ბანკი • Bank of Georgia
საქართველოს საბანკოასოციაცია Banking Association of Georgia“, – წერს შორენა ლობჟანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.