ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე, ქვეყანაში მიმდინარე მიმდინარე მოვლენებს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ემიჯნება ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ამის შესახებ და გმობს საქართველოს მოქალაქეებზე „ოცნების“ ძალადობას.
ამის შესახებ საჯარო მოხელემ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა.
„მიმაჩნია,რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი სურვილია, არამედ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენს.
ასევე ერთგული ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ, სადაც მკაფიოდ არის ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი და მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზაზე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, ყველა ძალისხმევას უნდა მივმართოთ, რომ აღსრულდეს ნება ქართველი ერისა. წინ ევროპისაკენ!“ — წერს მიხეილ ბუცხრიკიძე.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსს. ჩვენთან საუბარში ბუცხრიკიძემ ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ საჯარო სექტორზე მზარდი პოლიტიკური ზეწოლისა და იმ ცვლილებების შესახებ, რაც პარტიამ საჯარო უწყებების შესახებ კანონში შეიტანა.
„ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება ჩემი განცხადება და საჯარო სექტორში განხორციელებულ ზეწოლას, რასაც ახლა აკეთებს პარლამენტი თავისი კანონებით. საჯარო სექტორის შუა და დაბალი რგოლი კარგად ხედავს, რა ხდება საჯარო სექტორში დღეს. ჩამოშლის და გაანადგურებს საჯარო სექტორს. კვალიფიციური საჯარო მოხელეები უბრალოდ დატოვებენ საჯარო სექტორს, უბრალოდ ვეღარ გაუძლებენ ამხელა პოლიტიკურ ზეწოლას. ჩვენ ადრე გვიცავდა კანონი, მაგრამ საერთოდ დაუცველები გავხდით ახლა. გაიზრდება ნეპოტიზმი და გაივსება საჯარო სექტორი არაკვალიფიციური კადრებით. ქვეყნისთვის იქნება ეს დიდი პრობლემა“, — ამბობს ნეტგაზეთთან მიხეილ ბუცხრიკიძე.
საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, პარტიამ საპასუხო ზომად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა გადაწყვიტა.
„ქართულ ოცნებაში“ ცვლილებების მიზნად სახელდება „საჯარო სექტორის გაჯანსაღება“. მესამე სექტორსა და ოპოზიციაში ამას არასასურველი კადრებისაგან საჯარო სამსახურის წმენდად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების გამო საპასუხო ზომით დაემუქრა, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე იყო.
დაწვრილებით „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებზე წაიკითხეთ აქ:
ასევე წაიკითხეთ მოქმედი საჯარო მოხელეებისა და მიმდინარე პერიოდში საჯარო სექტორიდან წამოსული მოხელეების მიერ პროფკავშირების შექმნის გადაწყვეტილების შესახებ აქ: