“საჯარო მოხელეებო, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალს” – გახარიას მიმართვა

3 days ago 1

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის საგანგებო ბრიფინგისას, ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, ამბობს:

ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია. არჩევნების გაყალბების შემდეგ, „ოცნებამ“ მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი, იძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც თავის განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ. ამ ყველაფრის პარალელურად  „ოცნება“ ახერხებს იმას, რომ არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში გააქვს ისეთი კანონები, რომლებითაც საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი – პრეზიდენტის ინსტიტუტი დაისაკუთრა, მძევლად აჰყავს საჯარო სექტორი.

ფაქტობრივად, „ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა. რაც ნიშნავს, რომ საჯარო სექტორის საშუალო რგოლი დღეს სრულად იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურ ნებას და ერთ ადამიანს.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც პირველ რიგში იბრძოდა ქვეყნის ევროპული მომავლისთის და სახელმწიფოებრიობისთვის. ვერავინ ვერასდროს გაბედა ამ ადამიანებისთვის ხელის ხლება, იმიტომ, რომ ესენი არიან ინსტიტუციური მეხსიერების მატარებლები დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში.

დღეს „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა და ფაქტობრივად, თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები – დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, (ზოგიერთ შემთხვევაში სამმართველოს ხელმძღვანელები და მოადგილეები) მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები. გარდა ამისა, მიიღო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს ყველანაირი საფუძვლის გარეშეც და მათ შემდგომ სამართლებრივი დავის საშუალებაც ფაქტობრივად ერთმევათ.

ამ საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნებამ“ მძევლად აიყვანა საქართველოს საჯარო მოხელე.

მინდა მივმართო საქართველოს საჯარო მოხელეებს – მეგობრებო, მაშინ, როცა საქართველოს ასობით ათასი  რიგითი მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტის საშუალებით იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, იცავს სამართლიანობას, იცავს გამოხატვის თავისუფლებას, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალსა და ინტერესებს. უნდა გვესმოდეს, რომ მოძალადეს, რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, ეს მოძალადე კიდევ უფრო მეტს იძალადებს ჩვენზე. თუ დღეს საჯარო სექტორმა არ თქვა თავისი ღირსეული სიტყვა სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის და არ გაიხსენა საჯარო მოხელის ფიცი, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოს, მოქალაქეების და ქვეყნის მსახურება და არა ერთი პარტიის და ერთი ადამიანის და მათი კორუმპირებული ინტერესების, მაშინ ისინი თავისას გაიტანენ. გაიტანენ მაშინ, როცა საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, ზუსტად იმას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიბრძოდით.

უკვე ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას და მინდა მოგიწოდოთ, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი – ამოიღოთ ხმა და გააკეთოთ ის არჩევანი, რომელიც დღეს საქართველოს, სახელმწიფოს და ქუჩაში მდგომ მოქალაქეებს ძალიან სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

სრულად წაკითხვა