საჯარო მოხელეთა პროფკავშირი: გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და სხვების დაშინებას ისახავს მიზნად

15 hours ago 2

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "კონსტიტუციის 78-ე მუხლი" თბილისის მერიაში დასაქმებული გიგა სოფრომაძის გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, ეს ფაქტი მერიაში დასაქმებულთა დაშინებას ისახავს მიზნად.

მათივე განცხადებით, სოფრომაძის გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღვოდა ის, რომ გიგა სოფრომაძემ 25 დეკემბერს სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციისთვის, რომლის თანათავმჯდომარე თავადაა.

სოფრომაძე, ასევე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას. გარდა ამისა, იგი ბოლო წლებში, ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს ე.წ. "აგენტების კანონთან" დაკავშირებით.

"ამ ფაქტების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და პირდაპირი დარტყმა ჩვენს ორგანიზაციაზე, ჯერ კიდევ მისი რეგისტრაციის დასრულებამდე, ასევე ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას.

ეს გადაწყვეტილება პასუხგაუცემელი არ დარჩება და ჩვენი ერთობა ბოლომდე იბრძოლებს მისი ინტერესების დასაცავად, კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სოლიდარულნი ვიქნებით ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დარტყმის სამიზნეა და დავიცავთ ჩვენი კოლეგების ინტერესებს, ვინც განუხრელი პატიოსნებით შრომობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებისთვის", - წერია განცხადებაში.

დღეს, 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, რომელიც ახალშექმნილი საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებელია.

ამ პროფკავშირის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი იუსტიციის სახლში გუშინ, 25 დეკემბერს, შევიდა. სწორედ 25 დეკემბრით თარიღდება გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლების წერილიც, რომელსაც საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად ხელს აწერს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.

გიგა სოფრომაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან მუშაობს. ამბობს, რომ მას, როგორც წარმატებულ თანამშრომელს, არაერთი მადლობა აქვს მიღებული პირადად დედაქალაქის მერისგან.

ის დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მისი და მისი თანამშრომლების ბოლოდროინდელ აქტიურობას.

სრულად წაკითხვა