ამერიკის სენატმა ორშაბათს დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი 895 მილიარდი დოლარის ოდენობის საკანონმდებლო პაკეტს, რაც პენტაგონის მომავალი წლის ბიუჯეტს უზრუნველყოფს. ის რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მას ხელი მოაწეროს.
"თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტს" მხარი 83-მა სენატორმა დაუჭირა, 12-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მის დამტკიცებას 60 ხმაც ეყოფოდა. ამერიკის კონგრესის ზედა პალატა 100 სენატორისგან შედგება.
ამ წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი რეკორდულად დიდია - ის თავდაცვაზე თითქმის 900 მილიარდი დოლარის დახარჯვას გულისხმობს, მათ შორის სხვადასხვა ჩასწორებასა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე კონკურენტუნარიანობის გაზრდას ჩინეთსა და რუსეთთან.
1 800-გვერდიანი საკანონმდებლო აქტი ამერიკელი ჯარისკაცებისთვის უკეთესი პირობების შექმნასაც გულისხმობს. მასში გათვალისწინებულია 14.5 %-იანი სახელფასო ზრდა ყველაზე დაბალი რანგის სამხედროებისთვის, 4.5%-იანი ზრდა სხვა სამხედრო წარმომადგენლებისთვის. ასევე ხარჯები ყაზარმების, სკოლებისა და ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებების მშენებლობისთვის.
დისკუსიების ერთ-ერთი საგანი ტრანსგენდერ სამხედროთა საკითხი აღმოჩნდა. ამ კანონპროექტით იკრძალება ის, რომ TRICARE-სამხედრო სადაზღვევო პროგრამამ დაფაროს სქესისგან განსხვავებულ გენდერთან დაკავშირებული ზრუნვითი პროგრამები სამხედროების ტრანსგენდერი ბავშვებისთვის ამა თუ იმ კონკრეტულ გარემოებებში.
2025 წლის თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი კომპრომისული დოკუმენტია ორივე პალატის დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, რომლის საბოლოო ვერსიასაც დახურულ კარს მიღმა კვირების განმავლობაში მიმდინარე დისკუსიებისას მიაღწიეს.
ის არ მოიცავს რესპუბლიკელთა ზოგიერთ შეთავაზებას სოციალურ საკითხებზე, მათ შორის ძალისხმევას ზრუნვის იმ პროგრამის გაუქმების თაობაზე, რომელიც ჯარში ტრანსგენდერ სამხედროებს ეხება ან აუქმებს პენტაგონის პოლიტიკას, დაუფინანსოს სამხედროებს მგზავრობის ხარჯი თუკი ქალ სამხედრო მოსამსახურეს აბორტის გასაკეთებლად სხვა შტატში წასვლა სჭირდება.
ეს მასშტაბური აქტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო პროექტია, რომელსაც კონგრესი ყოველ წელს ამტკიცებს უკვე 60 წლის განმავლობაში.
ეს აქტი არის ავტორიზაცია პენტაგონის პროგრამებისთვის, მაგრამ ის უშუალოდ არ აფინანსებს მას. კონგრესმა ცალკე უნდა დაამტკიცოს დაფინანსებისთვის კანონპროექტი მომავალი ფისკალური წლისთვის - რომელიც 2025 წლის სექტემბერში დასრულდება.