ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრებმა, 2 დეკემბერს განცხადება გაავრცელეს, სადაც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციის ძალადობის გამო, რასაც წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, რათა „შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოყვება“.
„ძალზე შეშფოთებულნი ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ, რაც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რითიც უგულებელყო ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფება. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები ადასტურებენ აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და აცხადებენ, რომ კონგრესი იმუშავებს იმაზე, რომ „უზრუნველვყოთ საქართველოს მთავრობისა და იმ ინდივიდუალურ პირთა ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება, ვინც პასუხისმგებელია არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.
„მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გმოყენებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ [აშშ-ის] ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიის მხარდაჭერის მიმართ ერთგულება გამოხატონ“, – აცხადებენ სენატორები.
„ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თაობაზე კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დადგა დრო, გამოვიყენოთ შეერთებული შტატების ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, რათა შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოყვება. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები ვითარების გაუარესების ფონზე ჩუმად არ იჯდება”.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)