სენატორი შაჰინი და კონგრესმენი უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ

1 hour ago 4

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ტელეკომპანია „ფორმულის“ ტემეწამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ.

ჯინ შაჰინი 23 ივლისს X-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „გამოხატვის თავისუფლება ფუნქციური დემოკრატიის საფუძველია“:

„საქართველოს მთავრობის მიერ განსხვავებული აზრის მიმართ ზიზღი მისი დემოკრატიული დაკნინების კიდევ ერთი ნიშანია. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ვახო სანაია და ათობით პოლიტიკური პატიმარი“, - აცხადებს იგი.

წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსინი კი X-ზე წერს:

„ქართული ოცნების“ ანტიამერიკული რეჟიმი კვლავ ამწვავებს გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევას! მოვითხოვ ვახო სანაიას და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

  • ტელეკომპანია „ფორმულის“ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 22 ივლისს შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ.
  • მან ვახო სანაია სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის.
  • პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
  • სანაიას ორი კვირით დაპატიმრებას წინ უძღოდა მისი დაჯარიმება. 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ვახო სანაია 6000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკზე გამოქვეყნებული ტექსტის გამო, რომ „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
  • ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვა ვახო სანაიას მიერ დაჯარიმების შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტს: „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.
სრულად წაკითხვა