სენატორი შაჰინი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ აშშ-ს გადაუდებელი ქმედებისკენ მოუწოდებს

1 week ago 3

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრმა, 12 დეკემბერს სენატის სხდომაზე აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა გადადგას „გადაუდებელი ნაბიჯები“ საქართველოში მზარდი პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ. სენატორმა შაჰინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის მომავალი კვირების კრიტიკულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არსებობს „ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა“, რათა ადმინისტრაციამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას.

შაჰინმა ღრმა იმედგაცრუება გამოხატა აშშ-ის ჩართულობის ამჟამინდელი მდგომარეობით და განაცხადა, რომ ისინი არ დგანან მოწოდების სიმაღლეზე და არ აქვთ სათანადო რეაგირება: „ჩვენ ვერ შევძელით არსებითად გაგვეცა პასუხი, რათა ხელი შეგვეშალა „ქართული ოცნების“ ლიდერთა გათვლებისთვის. მათ არ უწევთ საფასურის გადახდა მაშინ, როცა უგულვებელყოფენ ხალხის ნებას და პუტინის ავტორიტარულ სცენარს ახორციელებენ“. მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი იმის გამო, რომ ვერ შეძლო სანქციების დაწესება ოფიციალურ პირებზე, რომლებიც დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ ბოლოდროინდელ დარღვევებში მონაწილეობდნენ.

სენატორის განცხადებას წინ უძღოდა საქართველოში 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები, რასაც მოჰყვა ხელისუფლების 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. შაჰინმა დაგმო ეს ნაბიჯი და მას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამარჯვება უწოდა, რაც, მისი თქმით, აშკარად მიუთითებს კრემლის გავლენაზე ქართულ პოლიტიკაზე. „ეს არის ნაბიჯი, რომელმაც ასიამოვნა ვლადიმირ პუტინს და კრემლს და გააძლიერა მისი გავლენა საქართველოს პოლიტიკაზე“, – განაცხადა შაჰინმა.

სენატორმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, მათ შორის უკანონო დაკავებებს, გადამეტებული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და პოლიციის რეიდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სახლებსა და ოფისებში. „არსებობს მტკიცებულება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალურად ამოიღო მიზანში აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი ამომრჩევლები. დემოკრატიები ასე არ იქცევიან“, – აღნიშნა მან.

თავის გამოსვლაში შაჰინმა ასევე შეაქო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამო და მოუწოდა ხელისუფებას შეაჩეროს ძალადობა. თუმცა, მან ასევე გააფრთხილა, რომ „ახალ პრეზიდენტს და მთავარსარდალს, რომელიც „ქართული ოცნების“ გვერდით დგას და კრემლს ემხრობა, შეუძლია დრამატულად გაამძაფროს ისედაც არასტაბილური სიტუაცია“.

ამერიკელმა სენატორმა ხაზი გაუსვა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე 1990-იანი წლების დასაწყისიდან. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართველ ხალხთან, საქართველოს მთავრობებთან, რათა აგვეშენებინა შეიარაღებული ძალები და საზოგადოება, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ქვეყნის ტრანსატლანტიკური მომავალი“, – აღნიშნა შაჰინმა.

დასასრულს, სენატორმა შაჰინმა მიმართა აშშ-ის მთავრობას, გადადგას სასწრაფო და გადამწყვეტი ზომები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების დასაგმობად და მოუწოდა, რომ ახლა არის დრო, რომ აშშ გვერდში დაუდგეს თავის დიდი ხნის პარტნიორს. „საქართველო შეერთებული შტატების გვერდით იდგა და ახლა დროა, ჩვენ დავდგეთ მათ გვერდით“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა