აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი, Fox News-თან ინტერვიუში ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის ფარგლებშიც ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში მომხდარი შეკამათების შემდეგ, სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერებასთან ერთად აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციასაც აღარ უზიარებს.
“ვღელავ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და შეიარაღების შეჩერებასთან დაკავშირებით მანამ, სანამ ბრძოლა მიმდინარეობს”. – თქვა გრემმა და დაამატა, რომ თუკი აშშ უკრაინის დახმარებას მთლიანად შეწყვეტს, “ეს ავღანეთზე უარესი იქნება”.
“არ მგონია, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამის გაკეთების სურვილი აქვს”. – თქვა მან.
გრემის თქმით, სანამ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდება, იგი უკრაინას შეიარაღებისა და დაზვერვის კუთხით ყველაფერს მისცემდა, რაც საჭიროა თავის დასაცავად, ხოლო რუსეთის საბანკო და ენერგო სექტორებზე სანქციებს წარადგენს.
“თუ ისინი არ ჩაერთვებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ადმინისტრაციასთან, ჩვენ მათ მაქსიმალური სანქციები უნდა დავუწესოთ და შესაბამისი კანონპროექტი მექნება ამის გასაკეთებლად მომდევნო კვირას”. – დაამატა რესპუბლიკელმა სენატორმა.
ამასთანავე, გრემმა აღნიშნა, რომ მინერალებზე შეთანხმება როგორც უკრაინისთვის, ასევე აშშ-სთვის სარგებლის მომტანი იქნება.
“ჩვენ ეკონომიკების ინტეგრირებას ვცდილობთ. ვცდილობთ, რომ უკრაინას აშშ-ს ეკონომიკისთვის ღირებულება ჰქონდეს – ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია. კრიტიკული მინერალების კუთხით ის ევროპაში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, რაც 21-ე საუკუნის ნავთობია. ამიტომ უკრაინასთან შეთანხმების დადება სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისთვის, ეს არ არის გამოძალვა”. – თქვა მან.
“ყველა იმ დემოკრატს, ვინც ამ შეთანხმებაზე ღელავს, რა გააკეთეთ უკრაინაზე თავდასხმისგან რუსეთის შესაკავებლად? რა გააკეთეთ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა? ფაქტობრივად არაფერი”. – დაამატა ლინდსი გრემმა.(ტაბულა)