სერბეთის „სტუდენტური სიის“ პოლიტიკური გაერთიანების წევრ კანონმდებლებს 17 ნოემბერს პარლამენტში შესვლისას, პირველი სხდომის წინ, ასობით მხარდამჭერი მიესალმა. ოქტომბრის არჩევნებში მათმა გამარჯვებამ სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) 14-წლიანი მმართველობა დაასრულა.
„სტუდენტურმა სიამ,“ ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს სტუდენტური ასამბლეების მიერ შერჩეულ მკვლევრებს, ფერმერებს, მსახიობებსა და აქტივისტებს, 25 ოქტომბრის არჩევნებში 250-წევრიან პარლამენტის 140 მანდატი მოიპოვა. SNS-ს 104 ადგილი ერგო.
სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩზე მოპოვებულ გამარჯვებას ზეიმი მოჰყვა. ჯგუფმა პირობა დადო, რომ განახორციელებს შიდა ანტიკორუფციულ პროგრამას, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმებზე იქნება ორიენტირებული.
პარლამენტის ახალი სპიკერის პოსტზე წარდგენილი ალექსანდარ ჩუპიჩის ხელმძღვანელობით, „სტუდენტური სიის“ დეპუტატები თავიდან პარკში შეიკრიბნენ, რის შემდეგაც წითელ ხალიჩაზე გაიარეს და პარლამენტის შენობაში ერთად შევიდნენ.
როდესაც შენობაში SNS-ის დეპუტატები, მათ შორის ვუჩიჩი შევიდნენ, შეკრებილმა ხალხმა მათ სტვენა დაუწყო. ერთი ქალი მიუახლოვდა SNS-ის დეპუტატს, ცნობილ მსახიობ ლიდია ვუკიჩევიჩს და თმაზე მაწონი გადაასხა. ვუჩიჩმა და ვუკიჩევიჩმა მომხდარი ინციდენტი დაგმეს.
radiotavisupleba ახალი ამბები