სიახლეების ბლოგი | ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი პროცესი

3 weeks ago 15

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა „2028 წლამდე“ შეწყვიტოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირში 2030 წელს შევა, მაგრამ საკუთარი პირობებით, „ღირსეულად“. ეს განცხადება ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურას.

„ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას იჩემებს, მიუხედავად ხმების მასიური გაყალბების შესახებ არსებული წუხილებისა. პრეზიდენტი და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ხოლო პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ჯერჯერობით, უპასუხოდ რჩება. ევროპარლამენტმა დღესვე რეზოლუცია მიიღო, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

დრამატული გადაწყვეტილება ფაქტობრივად ცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკას, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული. პრეზიდენტმა, ოპოზიციის თანხლებით, წინააღმდეგობა გამოაცხადა, ხოლო მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.

კვირა, 1 დეკემბერი

00:50 – პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს, მომიტინგეებს აფრთხილებს

პარლამენტის გარშემო ვითარება იძაბება. სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა და ახლა დაშლის გაფრთხილებას ავრცელებს. აქციის მონაწილეები ისევ ისვრიან პიროტექნიკას.

შაბათი, 30 ნოემბერი

23:50 – პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ვითარება იძაბება

სიტუაცია იძაბება რუსთაველის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მესამე დღეა მიმდინარეობს. რამდენიმე დემონსტრანტმა პარლამენტის ფანჯრები ჩაამსხვრია და პარლამენტის შენობას პიროტექნიკა დაუმიზნა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფიტული  შენობის წინ დაწვეს. ხანძარი პარლამენტის შენობაშიც გაჩნდა.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კვლავ ბარიკადები აღმართეს, თუმცა პოლიციის მხრიდან რაიმე რეაგირება ჯერ არ მოყოლია.

20:30 – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი ეთერი დაუთმო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მაუწყებლის შენობასთან მისი მიკერძოებული გაშუქებისა და სარედაქციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ. გადაცემას არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვება. გადაცემის სტუმრები აპროტესტებენ, რომ ტელეკომპანია უსამართლოდ აშუქებს მოვლენებს, ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ, და ოპოზიციის წარმომადგენლებს ეთერს არ უთმობს.

20:20 – რუსთავი 2-ის ბრიუსელის კორესპონდენტი არხს ტოვებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ბრიუსელის კორესპონდენტმა თამარ ნუცუბიძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. „არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ, ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა. გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს“, დაწერა მან სოციალურ ქსელში.

19:15 – იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გადადგა

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ვეკუამ თანამდებობა დატოვა, სავარაუდოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

19:00 – საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს ქალაქებში: ახალციხეში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, ასპინძაში და სხვა. ხალხი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს აჩერებს.

18:00 – ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელზე წვდომას ითხოვენ

ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდნენ და არხისგან მიუკერძოებელ გაშუქებასა და მმართველი პარტიის პროპაგანდის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი პირდაპირი ჩართვას მოითხოვენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში აშუქებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ძალადობა და ძალის არაპროპორციული გამოყენება, ასევე ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მოუწოდა ხელისუფლებას ოპერატიულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს ქმედებები და უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპული იდეა და ინსტიტუტია და ყოველთვის განაგრძობს საზოგადოების წინაშე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

17:38 – სასამართლომ აქციის ორ დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ორ მოქალაქეს, გიორგი წაქაძეს და ზურაბ წიკლაურს დღეს 5 და 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ისინი 28-29 ნოემბრის ღამეს დააკავეს. იმ ღამეს სულ 150 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში სდებენ ბრალს.  სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციის დროს პოლიციის ძალის გადამეტებულ გამოყენებას იძიებს.

17:00 – საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში თანამდებობა დატოვა

საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დაწერილ წერილში მან აღნიშნა, რომ ის პირნათლად ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე „მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა“.

14:10 – რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, დიპლომატებს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს და დიპლომატებს. „როგორც ევროკავშირის წევრი, რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს მათ ლეგიტიმურ ბრძოლაში ღირსების, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ასევე ვუცხადებთ სოლიდარობას დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად გამოვიდნენ“, – წერს სამინისტრო X-ზე.

14:00 –აქციის შედეგები: პარლამენტთან რევოლუციის მოწოდებისა და „ქართული ოცნების“ შეურაცხმყოფელი წარწერები საღებავით გადაფარეს

გასული ღამის საპროტესტო აქციის შემდეგ, მუნიციპალურ დასუფთავების სამსახურს საქართველოს პარლამენტის შენობის კედლებიდან წარწერების მოხსნა დაევალა. წარწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას შეურაცხყოფდა და რევოლუციისკენ მოუწოდებდა შავი სპრეის საღებავით დაიფარა. მართალია ვითარება ამ დროისთვის მშვიდია, მოსალოდნელია, რომ ის ხანმოკლე იქნება, რადგან მოქალაქეები დღეს საღამოს კვლავ შეკრებას გეგმავენ.

12:00 – ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატები და თანამშრომლები ქართველ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა და თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ კოლეგებს, რომლებიც გაემიჯნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ჩვენ მთელი გულით მივესალმებით ჩვენი ქართველი კოლეგების გაბედულ ნაბიჯს, რათა საკუთარი ხმა ყველას გააგონონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და მისი მომავალი ევროკავშირსა და ნატოს უკავშირდება. ქართველი ხალხის მისწრაფებები, რომელთაგან 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არ შეიძლება ჩაიშალოს“, – აცხადებენ ხელმომწერები.

ისინი ასევე მოუწოდებენ სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების დიპლომატებსა და თანამშრომლებს შეუერთდნენ ქართველ კოლეგებთან სოლიდარობის აქციას.

06:10 – პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია

დაახლოებით დილის 6:10 საათზე პოლიციამ, რომელთა უმეტესობასაც სახეები დაფარული ჰქონდა, ასევე უცნობმა მამაკაცებმა შავებში, გაფრთხილების გარეშე სადამსჯელო ოპერაცია დაიწყეს რუსთაველის გამზირის გასაწმენდად. მათ აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს და სცემეს. შემდეგ მომიტინგეები რესპუბლიკის მოედნისკენ განდევნეს და რუსთაველის გამზირი მოძრაობის აღსადგენად გაათავისუფლეს. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია უმოწყალოდ და ძალადობრივად ურტყამს აქციის მონაწილეებს, მათ შორის თავსა და სახეში.

04:10 – 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ 29 და 30 ნოემბერს ამ დროისთვის 60-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. დამკვირვებლის თქმით, დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ყოველ წუთს იღებს ცხელი ხაზის საშუალებით. საია ამბობს, რომ დაკავებულების პოვნას ხშირად დრო სჭირდება და ყველა ძალისხმევას იყენებს, რომ ისინი ადვოკატმა რაც შეიძლება მალე ნახოს. ორგანიზაციის თქმით, ადვოკატის გარეშე არავინ რჩება.

04:00 – პროტესტი გრძელდება

30 ნოემბერს, დილის 4 საათზე, რუსთაველის გამზირზე მყოფი დემონსტრანტები, რომელთა პროტესტიც მთელი ღამე გაგრძელდა, კვლავ იქ იმყოფებიან. ადგილზეა მობილიზებული სპეცრაზმი, რომელმაც არაერთხელ სცადა მომიტინგეების დაშლა ძალის, წიწაკის სპრეის, გაზის ჭურვების, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.

01:20 – პრეზიდენტი: ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი თავდასხმების მოწმე ვართ

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმების კომენტირებისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის X-ის ანგარიშზე დაწერა: „კიდევ ერთხელ გავხდით ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების მოწმე, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ამ ქმედებების პატიება დაუშვებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებაში უნდა მიეცენ“.

00:30 – ბათუმში სულ მცირე ოთხი პირი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სადაც აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მიმდინარეობს, სულ მცირე ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. რუსთაველის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია.

პარასკევი, 29 ნოემბერი

23:59 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ საჯარო მოხელეების სოლიდარობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა მთელ საქართველოში დაიწყო და არ დასრულდება. მან ასევე მოუწოდა სპეცრაზმს, ხელი არ აწიონ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. 

23:54 – ტვ პირველის ჟურნალისტი აქციაზე მძიმედ დაშავდა

TV პირველი იუწყება, რომ აქციის დროს მძიმედ დაშავდა მისი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს მარიამი ცდილობდა ამ მომენტის დაფიქსირებას, როდესაც ფიზიკურ დაპირისპირებაში მოხვდა, მიწაზე დაეცა და თავი დაარტყა.

23:33 – შსს-მ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. წყალში, სავარაუდოდ, ქიმიური გამღიზიანებელია შერეული. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მზად არიან ნებისმიერ დროს განახორციელონ რეპრესიები. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგინებენ ისინი ხმის გამაძლიერებელში აქციის მონაწილეებს და ემუქრებიან მათ.

20:00 – რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტა, რადგან სულ უფრო მეტი ხალხი მიდის, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. უსაფრთხოების ძალები უკვე მობილიზებულია თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე გადაიკეტა მოძრაობა.

19:25 – რუსთაველის გამზირზე მორიგ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

უკვე მეორე დღეა თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას აპირებს. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან, რომელიც უკვე გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცაა მობილიზებული.

19:10 – ნიუტონის თავისუფალი სკოლა სწავლას დროებით აჩერებს

ნიუტონის თავისუფალი სკოლა 2 დეკემბერს დროებით დაიხურება. „ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას“, – აღნიშნულია სკოლის ფეისბუქის პოსტში.

19:05 – საქართველოს ორი უნივერსიტეტი ეხმიანება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას

საქართველოს ორი კერძო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციები ეხმიანებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ და ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის მომავალს. „საქართველოს სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისა და ფასეულობებისაკენ ეფუძნება ხალხის ნებას და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით“, – აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტი.

19:00 – ჟურნალისტების საპროტესტო მსვლელობა დაშავებული კოლეგების მიმართ სოლიდარობის ნიშნად

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს 29 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დარბევის დროს დაშავებულ კოლეგებს.

18:30 – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლების განცხადება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 112-მა თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიმართ ერთგულება. თანამშრომლები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ინტერესებს. „ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები. ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთასორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

18:00 – ევროპარლამენტარების განცხადება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნილს უშაკოვსმა და საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც სინანული გამოხატეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ 2022 წლის მარტში შეტანილი განაცხადი და კანდიდატის სტატუსის მიღება 2023 წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი მომენტები იყო, რომლებიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო პროცესის წინსვლისთვის. სანაცვლოდ, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა,  მათ შორის საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები და ძირი გამოუთხარა არჩევნების მთლიანობას. ევროპარლამენტარებმა ასევე დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი პროევროპელი მომიტინგეების მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და პროდემოკრატიული მოძრაობების მიმართ, რომელთა მიზანიც ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.

17:00 – კიდევ ერთი უნივერსიტეტი სწავლის პროცესს დროებით აჩერებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, კიდევ ერთმა კერძო უნივერსიტეტმა, სწავლის პროცესი დროებით შეაჩერა. „ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით“, – აცხადებს უნივერსიტეტი.

15:55 – სანდუ: მოლდოვა გმობს პოლიციის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს: „ქართველები ევროპელები არიან. საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ. მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

15:50 – საქართველოს მასშტაბით აქციები გრძელდება

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივები იკრიბებიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციები ზუგდიდსა და ქუთაისში იმართება. სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას და პოლიციის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებზე ძალადობას.

15:10 – კიდევ ერთი უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს

სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს. სტუდენტები სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებენ, აცხადებენ უნივერსიტეტში.

15:05 – სტუდენტების მსვლელობა ევროკავირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ

სტუდენტები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და მას „რუსულ რეჟიმს” უწოდებენ. სტუდენტები პროტესტის ნიშნად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ მიდიან. მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს წინსვლისთვის.

15:00 – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა.

მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „ეს ხდება ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვშიშობდით: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანგრევს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში“.

მარია შტენერგარდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „სერიოზულად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ განცხადებით, რომ ის შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და უარს იტყვის ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე. ეს ემატება შემაშფოთებელ მოვლენებს, მათ შორის წლის დასაწყისში მიღებულ შემზღუდავ კანონებს და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გამოვლენილ დარღვევებს“.

გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი: „ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით!

მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხმა წუხელ თბილისსა და რამდენიმე სხვა ქალაქში აჩვენა, რომ არ სურს თავისი ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმონ“.

12:25 – საქართველოს ელჩი ბულგარეთში თანამდებობას ტოვებს

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. „ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში (ორ ათეულ წელზე მეტი), მე აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემს კოლეგებთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლასა და მყარი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენს დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეექმნას საფრთხე“, – წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

12:00 – ორი უნივერსიტეტი დროებით სასწავლო პროცესს აჩერებს

ორმა კერძო უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა და საქართველოს უნივერსიტეტმა დროებით სასწავლო პროცესი შეაჩერა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას. გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“, – ნათქვამია საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებაში.

10:30 – ევროკავშირის ელჩი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება „ძალიან გულსატკენია“

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ „ძალიან სამწუხარო“, „ძალიან სავალალო“ და „გულსატკენია“. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ“, – განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს. მისი თქმით, საქართველო არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, განაგრძოს თუ არა ევროინტეგრაცია.

09:35 – შსს: დაკავებულია 43 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აქციის დროს  წვრილმანი ხულიგნობისა (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლი) ბრალდებით 43 პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, აქციის დროს დაშავდა 32 პოლიციის თანამშრომელი, 13-ს ოპერაცია დასჭირდა, ერთი კი კვლავ საავადმყოფოშია.

შსს-ს ინფორმაციით, „გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები“. თუმცა, უამრავი ინფორმაცია პოლიციის მიერ ძალის უკანონო და გადამეტებულ გამოყენებაზე მიუთითებს. მოწმეების თქმით, პოლიცია მიზანმიმართულად იყენებდა წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და ქიმიურ გამღიზიანებლებს. იგივე ფაქტის თაობაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც აღნიშნა.

08:15 – პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

29 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში სპეციალური „წითელი უსაფრთხოების დონე“ ამოქმედდა, რომელიც ნებისმიერ პირს, მათ შორის ჟურნალისტებს შესვლას უკრძალავს, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური. ამავე ინფორმაციით, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.

06:30 – პრეზიდენტი: ველოდები მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: „თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება პროტესტი და რეპრესიები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველოდები მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“.

05:50 – ორი პოლიტიკოსი ქალი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქალი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია და ნანა მალაშხია (ქალი ევროკავშირის დროშით 2023 წლის უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციიდან) საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ორივე მათგანი „კოალიცია ცვლილებისთვის| წევრია. ხოშტარიას ხელი, მალაშხიას კი ცხვირი აქვს გატეხილი.

05:40 – აქციაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას, რომელიც ღამის საპროტესტო აქციას აშუქებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა იმ პირთაგანმა, რომლებიც შავებში იყვნენ ჩაცმული, ჩაფხუტებითა და გაზის საწინააღმდეგო ნიღბებით და სპეცრაზმელებთან ერთად მოქმედებდნენ. ისინი მშვიდობიან მომიტინგეებს დევნიდნენ და ცემდნენ. როგავა დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

04:07 – პრეზიდენტი: მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28-29 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა. მან დაწერა: „მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთაც  არაპროპორციულად და მიზანმიმართულად ესხმიან თავს, როდესაც ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ და მოვლენებს განუწყვეტლივ აშუქებენ“.

04:05 – კიდევ ერთ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად  

გავრცელებული ინფორმაციით, პუბლიკას ჟურნალისტი ლექსო ქეშელაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს და დააკავეს. მისმა კოლეგამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ლექსო ხაზზე გამოვიდა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ ცხვირი აქვს გატეხილი და თავზე აქვს დაზიანებები. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას კამერა წაართვეს.

01:08 – სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა

ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტთან განლაგებულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო. აქციის დასაშლელად ეს ზომა ჯერ ინტენსიურად არ გამოიყენება, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია. პოლიციამ მომიტინგეს  ხელნაკეთი ბანერი წაართვა, რომელზეც ეწერა „აჯანყდი“.

00:10 – შსს: აქციის მონაწილეების ქმედების შედეგად პოლიციელი დაშავდა

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუხედავად პოლიციელების მოწოდებისა მომიტინგეების მიმართ, რომ პროტესტი მშვიდობიანად გამოეხატათ,  „შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“.  შსს ასევე აცხადებს, რომ აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი

23:55 – დიპლომატების ერთობლივი წერილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ათობით თანამშრომელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ისინი გამოხატავენ თავიანთ ერთგულებას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გაფართოების ფანჯარა, რომელიც ახლა ღიაა, შესაძლოა აღარასოდეს გაიხსნას. მათივე თქმით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს.

23:30 – პრეზიდენტი საპროტესტო აქციას უერთდება, სპეცრაზმს ესაუბრება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს შეუერთდა, სადაც სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. აქციაზე მისვლის შემდეგ პრეზიდენტი პირდაპირ სპეცრაზმის წარმომადგენლებთან მივიდა და მათთან საუბარი სცადა. მან ჰკითხა მათ: „თქვენი მოვალეობა არ არის რომ დაშალოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?  მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ, არც ქვეყნის, არც შვილების, არც წინაპრებზე”.

23:20 – შსს აქციის მონაწილეებს „კანონსაწინააღმდეგო ქმედების“ შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირების თაობაზე აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციელები მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. შსს-ს თქმით, საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

20:54 – პოლიციამ ქუთაისში მშვიდობიანი მომიტინგე დააკავა

პოლიციამ ქუთაისში მიშა მუმლაძე დააკავა. ის ქუთაისში ადგილობრივებთან მშვიდობიან აქციას მართავდა, როცა ხალხს ქუჩის გადაკვეთისკენ მოუწოდა, პოლიციელები კი თავს დაესხნენ, ტანსაცმელი დაახიეს და მიუხედავად ხალხის მოწოდებისა, რომ გაჩერებულიყვნენ, რადგან ის ცუდად იყო, პოლიციელებმს ის მანქანამდე მიიყვანეს და დააკავეს. პოლიციამ განაცხადა, რომ მუმლაძემ მათ ბრძანებას პატივი არ სცა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

20:30 –საქართველოს მასშტაბით პარალელური აქციები იმართება

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივები იკრიბებიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციებია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში ხალხი სამ ადგილას იკრიბება: პარლამენტის, ქართული ოცნების ოფისისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ.

20:00 – კულტურის სფეროს, სსო-ების წარმომადგენლები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ბრძოლისკენ მოუწოდებენ

კულტურის სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტის შესახებ „ქართული ოცნების“ „არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაანონსეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რატი ამაღლობელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილებას ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უნდა შეეგუონ მას. მან საქართველოში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დააანონსა და მოუწოდა ევროკავშირს უგულებელყოს არალეგიტიმური ხელისუფლების განცხადება. მისი თქმით, დღეს საქართველოს თავისუფალი მოქალაქისთვის ახალი ეტაპი დაიწყო.

თბილისში, ქართული ოცნების ოფისის წინ მოქალაქეები იკრიბებიან.

19:00 – პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა. ამ გადაწყვეტილებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.

18:15 – „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ დღესვე მიღებული რეზოლუცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა