სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025 | აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე „ბედობის“ აღნიშვნას გეგმავენ

2 days ago 2

საქართველოში საპროტესტო აქციები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოყვა, 2025 წელსაც გაგრძელდა. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ოპოზიციური ძალების, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობას მოყვა, კიდევ უფრო გამწვავდა ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადახვევის გამო. ის, რაც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების წინააღმდეგ დემონსტრაციებით დაიწყო, 2025 წელს უფრო ფართო წინააღმდეგობაში გადაიზარდა, რომელმაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოთხოვნით ათიათასობით საქართველოს მოქალაქე, მათ შორის ეროვნული უმცირესობები გააერთიანა. პოლიციის სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომიტინგეები დაჟინებით ითხოვენ ახალ არჩევნებსა და ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას. იმავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობა.

ხუთშაბათი, 2 იანვარი

01:16 – აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე „ბედობის“ აღნიშვნას გეგმავენ

2 იანვარს ფეისბუქის ჯგუფ „დაიტოვეში“ პოსტი გამოქვეყნდა რუსთაველის გამზირზე „ბედობის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით. „წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან“, – ნათქვამია პოსტში.

ოთხშაბათი, 1 იანვარი

23:35 – ზურაბიშვილი ფეისბუქის პოსტში ქართველების გამძლეობის შესახებ არასწორ შეფასებებს აკრიტიკებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პოსტში იმ პირებს გამოეხმაურა, ვინც იმედოვნებდა, რომ საპროტესტო მუხტი განელდებოდა ახალი წლის შემდეგ და აღნიშნა, რომ მათ ვერ გათვალეს საერთაშორისო და ადგილობრივი რეაგირება „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე. „ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი  ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

21:28 – საახალწლო დღეების მიუხედავად საპროტესტო აქციები გრძელდება

საპროტესტო აქციების ზედიზედ 35-ე დღეს, საახალწლო დღეების მიუხედავად,  აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის წინ. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება: საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. აქციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დასვენების დღეებისა და საახალწლო ზეიმის მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ წინააღმდეგობის გამოხატვას და აცხადებენ, რომ  საქართველოს ევროპული მომავალი დაცული უნდა იყოს. აქციის მონაწილეები არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კონსტიტუციურ კრიზისად მიიჩნევენ. რუსთაველის გამზირი ღამით გადაკეტილი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა