WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბიზნესმენი, ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს. მისი წერილი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ტელევიზიის ცნობით, ელიზბარაშვილი ამბობს:

„ამდენ სიბოროტეს, ძალადობას და ტერორს მე ერთი კაცი დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს.
მეგობრებო, ვისაც გიყვართ საქართველო და ვისაც გინდათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, გთხოვთ, დამიდექით გვერდში ამ საშვილიშვილო და სამართლიან ბრძოლაში. ოკუპანტების ქართველი მხარდამჭერების წინააღმდეგ“

გადაცემა „რეაქციაში“ ელიზბარაშვილის ცოლმა, ანი სუჯაშვილმა ისაუბრა მისი დაკავების დეტალებზე და იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ ბიზნესმენს:

„ვიცი, რომ სადღაც 7-8 საათის განმავლობაში ხელბორკილები არ მოუხსნიათ თამაზისთვის, თან მოჭერილი ჰქონდა ძალიან ისე, რომ ტკივილისგან გონებაც დაკარგა. თამაზი ამბობს, რომ სპეციალურად ასმენინებდნენ ბავშვის ტირილის ხმას, ასევე ასმენინებდნენ LIVE-ს თუ როგორ შედიოდნენ ჩხრეკაზე დედამისთან, რომელიც არის 84 წლის მწოლიარე ქალი“, – ამბობს ელიზბარაშვილის ცოლი

მისი თქმით, ელიზბარაშვილი „ნორმალურადაა და ბრძოლის ხასიათზე“.

„ვეტყოდი, რომ იქნებ შიმშილობაზე დაფიქრდეს“, – თქვა ანი სუჯაშვილმა.


4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს.

ფოტო: „უმრავლესობის“ ვიდეოდან.