ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის არალეგალური ქარხნის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვა და კიდევ ორი პირი დააკავა | განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ამავე საქმის ფიგურანტია, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრი ვ.მ-ც
,,გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის, ვ.მ-ს კუთვნილი კომპანიების მიერ შემდგომი რეალიზების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება-შენახვის ფაქტები. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება შენახვის ფაქტზე 2025 წლის 19 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებული არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვ.ა, დირექტორი მ.ა. და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირადი დაცვის წევრი ნ.ც. არალეგალური ქარხნიდან და მიმდებარე საწყობიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების 323 851 ერთეული უაქციზო სიგარეტი “კარელია” | განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავი, ვასილ მხეიძე 2023 წელს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე ივლისის ბოლოს დააკავეს. გამოძიების განცხადებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის შესაძენი სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა, რის შედეგადაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.(მთავარი)