სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში გამოიხატა.
„მზია ამაღლობელს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სილის გაწვნა არაა თავდასხმა. თავდასხმა გაცილებით მასშტაბური რამეა, ვიდრე სილის გაწვნა (თავდასხმა იქნებოდა იარაღით, დანით, ჯგუფურად ან სხვა უფრო საშიში მეთოდების გამოყენებით ძალადობა); ეს მუხლი, რომელსაც მზია ამაღლობელს ედავებიან, სისხლის სამართლის კოდექსში იმიტომ გაჩნდა, რომ განსაკუთრებულად დაეცვა კანონის დამცველი პირები. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ეს სისტემა აღარაა კანონდამცველი. ამ ინციდენტამდე, ამავე დღეს, პოლიციამ უკანონოდ დააკავა მზია ამაღლობელი. აღარაფერს ვამბობ იმ სისტემურ ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, რასაც ჩვენ 28 ნოემბრის შემდეგ ვხედავთ. ამიტომ, თქმა იმისი, რომ ეს ხალხი მის სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდა, არასწორია. პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობა არაა უკანონო დაკავება, უკანონო ბრძანებების გაცემა, მოქალაქეთა ლანძღვა-გინება მაშინაც კი, თუ მას აგინებენ (დიახ, თმენის ვალდებულება აქვთ, ხოლო უკანონობის შემთხვევაში, კანონიერად დაკავების უფლება)“, — წერს ლონდა თოლორია.
ის ხაზს უსვამს მაქსიმუმ, რითაც შეიძლება საგამოძიებო უწყება მას ედავებოდეს ეს არის 126-ე მუხლი (ძალადობა), ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა ტკივილი განიცადა. ეს დანაშაული მაქსიმუმ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ხოლო არარსებული თავდასხმა, რასაც ახლა ედავებიან მზია ამაღლობელს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა იყო ამ ხელოვნური, მძიმე ბრალდების მიზანი? — მისთვის პატიმრობის შეფარდება და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება როგორ „ისჯება” ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირი. უკანონოა პატიმრობის შეფარდება, მაშინ როცა არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე (ამისთვის, კიდევ უკანონოდ უნდა დაეკავებინათ მზია ამაღლობელი და შემდეგ, უნდა გაეწნა სილა მისი დამკავებლისთვის ან ასეთი ბრძანების გამცემისთვის).
ასეთია დღევანდელი სამართალი — არც ერთი დასჯილი მოხელე/არამოხელე, ვინც აქციის მონაწილეები ცემა, აწამა, მოჰპარა და ა.შ. ხოლო, მეორე მხარეს უკანონოდ ბრალდებულები, უკანონოდ დაკავებულები, უკანონო პატიმრები, იმაზე მძიმე მუხლებით ბრალდებულები, ვიდრე რეალურად სახეზეა. სამართალზე და კანონზე ლაპარაკი ამ ქვეყანაში ისე გაუფასურდა, უკვე მგონია ყველა სასაცილოდ გამოვიყურებით ვინც ამაზე ვლაპარაკობთ“, — წერს ლონდა თოლორაია.
სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის საფუძველი — ლონდა თოლორაია